ძიუდო

18:26 | 21.02.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ქართული მძიმე წონების მძიმე დღე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის დიუსელდორფის გრან პრი უკვე დასრულებულია. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან დღეს გერმანულ ტატამზე ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) გავიდნენ, მაგრამ ოთხივე საწყის ეტაპებზევე დამარცხდა და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაიკარგა.

ღვინიაშვილი ურუგვაის ნაკრების წევრი პაბლო აბრაპამიანის შებოჭვით და მონღოლი ტუვშინბაიარ ნაიდანუის იუკოთი ძლევით მერვედფინალში გავიდა, მაგრამ პორტუგალიელ ხორხე ფონსეკასთან სუფთად წააგო.

ტაველურმა გრან პრი სომხეთის ნაკრების წევრ მიხაილ მინჩინის წუთნახევარში ძლევით გახსნა. მერვედფინალში კი მეორე ნომრად განთესილ გერმანელ დიმიტრი პეტერსთან იპონით დამარცხდა.

მძიმეწონოსანი ქართველები წილისყრამ ერთ ქვეჯგუფში მოახვედრა. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთდა. იქამდე ორ-ორი ეტაპი უნდა დაეძლიათ, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში უშანსოდ დამარცხდნენ.

ადამ ოქრუაშვილი ავსტრიელ დანიელ ალერშტორფერთან მე-5 წუთზე ვაზარიზე დავარდა და იქვე შებოჭვაზე მოჰყვა. თავის დაღწევა აღარც უცდია, უმალ დანებდა, რადგან დაცემისას დაშავდა. სავარაუდოდ, ტრავმა საგანგაშო არ უნდა იყოს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ექიმის დახმარების შემდეგ ტატამიდან თავად გავიდა.

ლევან მატიაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე ეკვადორელი ფრედი ფიგეროა აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საწადელს სამი იუკოს უპირატესობით მიაღწია, რომელთაგანაც ორი გდებით აიღო, ერთიც დაუსრულებელი შებოჭვით.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრი ვაჟა მარგველაშვილისა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ) მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066547