ფეხბურთი

17:45 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას საიუბილეო მატჩი "ვიტესში"

ჰოლანდიის ერედივიზიონის 24-ე ტურში დასანანი ქულები დაკარგა არნემის "ვიტესმა", რომელიც სტუმრად გასავარდნ ზონაში მყოფ "გრააფსხაპს" დაუზავდა - 2:2. რობ მაასმა ქართველები, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ვაკო 75-ე წუთზე ინერტულობისთვის შეცვალეს, როცა არნემელები 1:2 აგებდნენ, ხოლო კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა მიჯრით მესამე თამაში ჩაატარა სასტარტოში და თუ წინა ორ შემთხვევაში ჯერ სამ ცენტრალურ მცველიან ტაქტიკაში, ხოლო მერე მარჯვენა მცველად თამაშობდა, ამჯერად ჩვეულ, ცენტრალური მცველის პოზიციას დაუბრუნდა.

გამოსარჩევია, რომ ლუის ბაკერის გოლში, რომლითაც "ვიტესმა" ქულა გადაარჩინა, თავისი წვლილი კაშიამაც შეიტანა: მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და საგოლე შეტევას სათავე დაუდო. ჰო, რაც მთავარია, აღნიშნულ მატჩში გურამმა "ვიტესის" მაისური ოფიციალურ შეხვედრებში მეორასედ მოირგო. 28 წლის ქართველს 168 თამაში ერედივიზიონში, 15 ჰოლანდიის თასზე, 9 ჰოლანდიის ჩემპიონატის პლეი-ოფში, 8 კი ევროპა ლიგაზე აქვს ჩატარებული. ისიც გამოსარჩევია, რომ აღნიშნული 200 მატჩიდან კაშიამ "ვიტესს" 168-ჯერ უკაპიტნა.

"ვიტესი" კი ერედივიზიონში 24 ტურის შემდეგ 37 ქულით ისევ მეხუთე ადგილზეა. არადა, დღეს რომ მოეგო, ერთი პოზიციით დაწინაურდებოდა და მესამე საფეხურთანაც ერთ ნაბიჯში იქნებოდა...

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მორიგ ტურში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" საკუთარ მოედანზე დაძაბულ მრძოლაში ლისაბონის "ბენფიკას" მეორე გუნდს მოუგო - 3:2. ქართველმა შემტევმა მასპინძელთა შორის ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და არ შეუცვლიათ. "ჟილ ვისენტეს" კი, 31 თამაშში 49 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება, რითაც უმაღლესში გადასვლის შანსს ინარჩუნებს.

0.119007