ძიუდო

22:04 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ბრინჯაო

დიუსელდორფში მიმდინარე გრან პრიზე, ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ვაჟა მარგველაშვილის (73 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს დღეს ანალოგიური სინჯი ლაშა შავდათუაშვილმა შემატა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს – 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი პაპუნაშვილს კი პოდიუმის მესამე საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

73 კილოგრამში, ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრები ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი წილისყრამ ერთ ქვეჯგუფში მოახვედრა. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთდა, მაგრამ ქართული დაპირისპირება არ შედგა. ტატალაშვილი გრან პრის პირველივე შეხვედრით გამოეთიშა – შვედ ტომი მაციასთან უილეთო ბრძოლაში ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

შავდათუაშვილმა ძირითად ბადეში სამი შეხვედრა მოიგო. ესპანელი ხავიერ რამირესი და ბრაზილიელი მარსელო კონტინი იპონ-იპონ ჩამოიშორა. იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს კი უილეთო ბრძოლაში ორი შიდოს უპირატესობით აჯობა. ამ შეხვედრის ბოლო წუთზე, ერთ ეპიზოდში იტალიელმა მსაჯებს შესჩივლა, მოწინააღმდეგემ თითზე მიკბინაო, მაგრამ ეშმაკობა არ გაუვიდა, მხოლოდ ჭიდაობით კი ვერაფერს გახდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. ერთი გამარჯვებაც და შავდათუაშვილი დილის პროგრამას წაუგებლად ჩაამთავრებდა, მაგრამ ფინალის საგზურს აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი გადაეღობა – ლაშას იუკოს ვაზარით უპასუხა და დარჩენილ დროში უპირატესობა ტაქტიკური შიდოებით შეინარჩუნა.

ორუჯოვის ჯავრი შავდათუაშვილმა რეპეშაჟის ფინალში სლოვენიელ როკ დრაკშიჩზე იყარა, მეხუთე წუთზე შესრულებული იპონით და ბრინჯაოს მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.

გიორგი პაპუნაშვილს წილისყრისას არ გაუმართლა, პირველსავე წრეში უძლიერეს მეტოქეს – ევროპის 2-გზის ჩემპიონ სირაჟუდინ მაგომედოვს გადაეყარა. რუსეთის ნაკრების წევრი აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ საფინალო გონგამდე 18 წამით ადრე პაპუნაშვილმა 2 იუკოთი ჩამორჩენას ეფექტური მოგვერდით უპასუხა.

წარმატება რომ შემთხვევით არ მოუპოვებია, პაპუნაშვილმა მორიგ შეხვედრებშიც დაამტკიცა. რუმინალ კრისტიან ბოდირლაუს ვაზარით გასცდა, პოლონელ ლუკაშ ბლახთან იუკოს უპირატესობა იკმარა, საბერძნეთის ნაკრების წევრ რომან მუსტოპულოსს კი ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე.

ფინალის საგზური გიორგი პაპუნაშვილმა ევროპის 2-გზის პრიზიორთან = ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოსთან თანაბარ ბრძოლაში წაგებით დაკარგა. ბოტიომ საწადელს ერთადერთი იუკოს ხარჯზე მიაღწია. ერთ-ერთ საჭიდაო ეპიზოდში ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა, მაგრამ მხოლოდ 8 წამით. შესაბამისად, იუკომდე ორიოდ წამი დააკლდა.

რეპეშაჟის ფინალში პაპუნაშვილი გერმანელ დომინიკ რესელს დაეჭიდა და მორიგი ეფექტური გდებაც შეასრულა, რომელიც ალბათ იპონად შეფასდებოდა, ილეთი მასპინძელს რომ გაეკეთებინა. ქართველ ძიუდოისტს კი მსაჯებმა ვაზარი აკმარეს. დარჩენილ დროში რესელმა კონტრილეთებით ორი ვაზარი შეასრულა და საპრიზო სამეულიც გაინაღდა. გიორგი პაპუნაშვილი მე-5 ადგილს და 60 ქულას დასჯერდა.

გრან პრის დასკვნით დღეს – 21 თებერვალს მამაკაცებში მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდება. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება. 100-ში კონკურენციაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ტაველური ჩაებმებიან, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი, რომლებიც წილისყრამ ერთ ქვეჯგუფში განთესა და ტატალაშვილისა და შავდათუაშვილის მსგავსად, მათი სატურნირო გზებიც მეოთხედფინალში იკვეთება.

ძიუდო

გრან პრი

დიუსელდორფი

20 თებერვალი

კაცები

73 კგ

1 შოეი ონო (იაპონია)

2 რუსტამ ორუჯოვი (Aზერბაიჯანი)

3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

81 კგ

1 ჟოაკიმ ბოტიო (ბელგია)

2 სვენ მარეში (გერმანია)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 დომინიკ რესელი (გერმანია)

5 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

0.117049