საოლსტარე შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. ფლორიდაში გამართულ მატჩში ქართველმა ცენტრმა სეზონის 23-ე ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გუნდი „ორლანდოსთან“ დამატებით დროში 104:110 დამარცხდა.
19 სამქულიანით „დალასმა“ გუნდის ყველა დროის რეკორდი მოხსნა, ფაჩულიას გუნდი თამაშის მსვლელობისას 21 ქულით იგებდა, თუმცა გამარჯვებამდე მაინც ვერ მივიდა. ორლანდოელებმა ბოლო პერიოდი 26:17 მოიგეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით 5-წუთეულში მასპინძლებმა ვიქტორ ოლადიპოს შედეგიანობით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 40 წუთი დაჰყო. ქართველმა ფორვარდმა გამორჩეული შედეგი დააფიქსირა 19 მოხსნით, რაც მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოახერხა. ზაზამ 9-დან 3 ორქულიანი, ხოლო 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 19 მოხსნას 11 ქულა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაყოლა. დირკ ნოვიცკი 11 ქულას დასჯერდა, ბომბარდირი კი 25 ქულით დერონ უილიამსი გახდა. რაც შეეხება ორლანდოელთა ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩს, მონტენეგროელმა ლეგიონერმა 21 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
დალასელებმა ბოლო 6 მატჩიდან მეხუთედ წააგეს და დასავლეთ კონფერენციის ცხრილში პოზიცია მოუსუსტდათ. ფაჩულიას გუნდი მე-6 ადგილს ინარჩუნებს, თუმცა „პორტლენდი“ უკვე ძალიან ახლოსაა. მომდევნი მატჩს „დალასი“ შინაურ არენაზე 22 თებერვალს „ფილადელფიასთან“ გამართავს.
www.gbf.ge