ჭადრაკი

23:31 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მდევრებს ქულით გაუსწრო!

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2529) ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპის მოგებასთან ძალიან ახლოსაა. ირანის დედაქალაქ თეირანში მიმდინარე ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ძაგნიძემ უახლოეს მდევრებს ქულით გაუსწრო, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა.

მე-8 ტურში ნანამ თეთრი ფიგურებით ცნობილი ინდოელი მოჭადრაკე დრონავალი ჰარიკა (2511) დაამარცხა და თავი 6.5 ქულას მოუყარა. 5.5 ქულა აქვთ აქტივში ჩინელებს – ქსუე ჟაოს (2506) და ვენჯუნ ჟუს (2558) და რუს ნატალია პოგონინას (2454), რომელიც გასულ ტურში შავებით ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვასთან (2509) დამარცხდა.

20 თებერვალი დასვენების დღეა, 21-ში კი ძაგნიძე შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგს (2521) გაეჯიბრება, რომელსაც 2.5 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილი უკავია.

სამწუხაროდ, უკანასკნელ მე-12 პოზიციაზეა ნინო ბაციაშვილი (2485), რომელმაც თეთრებით რუს ვალენტინა გუნინასთან (2496) წააგო და აქტივში 1.5 ქულა შერჩა. მომდევნო ტურში ბაციაშვილი შავებით ხსენებულ ჰარიკას დაუპირისპირდება.

0.118506