66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზურისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. მარგველაშვილმა გერმანულ ტატამზე ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, პირველ ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ ბაულ ანთან მარცხით. იქამდე ვაჟა მარგველაშვილმა იტალიელი ფაბიო ბასილე ერთი შიდოს უპირატესობით დაამარცხა, მონღოლი ალტანსუხ დოვდონი – ვაზარით, ხოლო ფრანგი კილიან ლე ბლუჩი ეფექტური სუფთა გდებით. რეპეშაჟის ნახევარფინალში ბრიტანელ კოლინ ოუტსს წუთნახევარში მოუმთავრა საქმე. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ კენგო ტაკაიჩის 13 წამი აკმარა.
დღეს 66 კილოგრამის გარდა მედლები 60-შიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრ ამირან პაპინაშვილს კი პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში პაპინაშვილმა სლოვენიელი მატიაზ ტრბოვცი და იტალიელი კარმინ მარია დი ლორეტო იპონ-იპონ ჩამოიშორა, ეკვადორელ ლენინ პრესიადოს იუკოთი აჯობა. ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, იპონით წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვთან 49 წამში, მტკივნეული ილეთით წააგო.
ამირან პაპინაშვილმა მე-5 ადგილის დაკავებით 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
დღესვე, საქართველოს ნაკრების წევრთაგან გერმანულ ტატამზე ლეხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ბექა შავდათუაშვილიც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ შეჯიბრებას დილის პროგრამაში გამოეთიშნენ. ჩხვიმიანი პირველსავე წრეში, უილეთო შეხვედრაში, ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან. შავდათუაშვილი კი ბრაზილიელი ჩარლეს ჩიბანას ვაზარით ძლევის შემდეგ, ებრაელ გოლან პოლაკთან, საფინალო გონგამდე ერთი წამით ადრე გაშვებული იუკოთი დამარცხდა.
ხვალ საპრიზო სამეულები მამაკაცებს შორის 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და გიორგი პაპუნაშვილი (81 კგ) იჭიდავებენ. ზეგ კი საქმეში ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაებმებიან.
ძიუდო
გრან პრი
დიუსელდორფი
19 თებერვალი
კაცები
60 კგ
1 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
3 ბექირ ოზლუ (თურქეთი)
3 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)
2 გოლან პოლაკი (ისრაელი)
3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)