მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი მზადაა თავისი ყოფილი გუნდის, ტურინის “იუვენტუსის” დასამარცხებლად ყველაფერი გაიღოს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ “იუვენტუს სთედიუმზე” მისთვის უჩვეულო თამაში იქნება, რადგან ამ სტადიონზე 4 დიდებული სეზონი გაუტარებია, ახლა კი სტუმრად ჩასვლა უწევს.
“ეს, უცნაური თამაში იქნება. რა თქმა უნდა, “იუვენტუსი” მაკლია, რადგან ტურინში 4 ბრწყინვალე წელი გავატარე, მაგრამ ახლა “ბაიერნის” მაისური მაცვია და მეოთხედფინალში გასასვლელად ცხოვრებასაც დავთმობ. “იუვენტუსის” ფეხბურთელებთან კონტაქტი ახლაც მაქვს. ბოლოს მარტინ კასერესსა და ჯანლუიჯი ბუფონს ვესაუბრე. მიხარია, რომ მათ ისევ ვნახავ”, - უთხრა ვიდალმა გერმანულ გამოცემა TZ-ს.
ვიდალი “იუვენტუსში” 2011 წლის ზაფხულში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლევერკუზენის “ბაიერიდან” ჩაირიცხა, ხოლო მიუნხენურ გიგანტში გასული წლის ზაფხულში 40 მილიონად გადაბარგდა. რაც შეეხება მის ტურინულ მონაგარს, იგი 4 სკუდეტოს, იტალიის ორ სუპერთასსა და იტალიის ერთ თასს მოიცავს. ამასთან, შარშან სამხრეთამერიკელმა ტურინელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. მთლიანობაში ვიდალმა “იუვეს” შავ-თეთრი მაისური 171 მატჩში მოირგი და მეტოქეთა კარში 48 გოლი გაიტანა.