ირაკლი ბერაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20-წლამდე ჭაბუკთა შორის.
გამარჯვებულმა 9-დან 7 პარტია მოიგო და მხოლოდ ორ შეხვედრაში დაუზავდა მეტოქეებს. აღსანიშნავია, რომ ბერაძემ უკვე მეთერთმეტედ (!) მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
გამარჯვებულს 1.5 ქულით ჩამორჩნენ და საპრიზო ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრე ებრალიძემ და ნიკა ღვამბერიამ.
გოგონათა შორის ჩემპიონატის დასაწყისში უპირობო ფავორიტად ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი მოიაზრებოდა, თუმცა, მარიამ ჭოლაძემ მე-4 ტურში შესძლო უშუალო კონკურენტის დამარცხება და დარჩენილ ტურებში უშეღავათო ბრძოლით ჩემპიონის წოდებაც დაისაკუთრა.
ჭოლაძემ 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე ერთპიროვნულად გავიდა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ნინო ხომერიკმა, ხოლო მესამე ადგილზე 6.5 ქულით ნინო ჯალაღონია გავიდა.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და გამარჯვებულმა მოჭადრაკეებმა აგვისტოში, ინდოეთში დაგეგმილ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
შეჯიბრში დაწესებული იყო საპრიზო ფონდიც, რომელიც სამეულში გასულ მონაწილეებზე შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.