ჩოგბურთი

13:15 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჩოგბურთელები დანიელთა დასახვედრად ემზადებიან

4-6 მარტს თბილისში, დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა II ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც III ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას და ესტონეთს სძლიეს.

II ჯგუფის პირველ წრეში სულ 8 წყვილი ითამაშებს: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელარუსი, ზიმბაბვე-ფინეთი, საქართველო-დანია.

თუკი საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს, მე-2 წრეში ზიმბაბვეს და ფინეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 2017 წლისთვის ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლებას მე-2 ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, უარესი ოთხეული კი მე-3 ჯგუფში დაქვეითდება.

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი და ირაკლი მეტრეველი, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას დევისის თასის გათამაშებაში. გუნდის კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძეა.

მატჩები ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) ჩატარდება, დასწრება კი თავისუფალია.

0.138267