27 თებერვალს საქართველოს ფიტნესისა და ბოდიბილდინგის ფედერაცია „არტ-ჰოლში“ თბილისის „OFF-სეზონის“ ჩემპიონატს ატარებს, რომელიც კონკურსში მონაწილე სპორტსმენების შესრულებით, თეატრალური ნომრებით იქნება გამდიდრებული.
შოუს ფარგლებში ბოდიბილდერები და ფიტნეს-მოდელები სცენაზე ხუთ ისტორიულ ეპოქას გააცოცხლებენ - ეგვიპტე, რომი, ათენი, სპარტა და საქართველო („შავფაროსნების“ შესრულებით).
„შეჯიბრის ფარგლებში თეატრალურ ნაწილს იმის გამო ვაკეთებთ, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი დაფარული შესაძლებლობები. სამწუხაროდ, საქართველოში დაკუნთული ადამიანი ჯერაც უძრავ მასად წარმოუდგენიათ, რომელსაც გარკვეული ილეთების შესრულება არ შეუძლია და ამ სტერეოტიპს აუცილებლად დავამსხვრევთ. ყველას მოვუწოდებ, რომ 27 თებერვალს, 16 საათზე, „არტ-ჰოლში“ მობრძადნენ და იქ მათ ესთეტიური, ლამაზი და უბრალოდ მაგარი სანახაობა ელოდებათ“ - უთხრა „მსოფლიო სპორტს“ ფიტნესისა და ბოდიბილდინგის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა და მომავალი შოუს მონაწილე გიორგი ფულარიანმა.
რას იხილავს „არტ-ჰოლში“ მისული მაყურებელი? ამის შესახებ უფრო კონკრეტულად ფიტნესისა და ბოდიბილდინგის ფედერაციის პრეზიდენტი ზაალ რუხაძე მოგვიყვება:
- ჩვენთვის საინტერესოა სპორტსმენების ხილვა არასაშეჯიბრო სეზონში, მაშინ, როდესაც მათ ფორმაში ყოფნა არ ევალებათ. საქართველოს ღია ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში მაისში გაიმართება და შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი რეპეტიციაა. რადგან ბოდიბილდინგი ქართველი მაყურებლისთვის უცხო ხილია, გადავწყვიტეთ მათთვის ისტორიიდან ნაცნობი ეპიზოდები შეგვეთავაზებინა და საღამო უფრო ყურებადი გაგვეხადა. 27 თებერვალს მაყურებელი დაესწრება თბილისის ჩემპიონატს, რომელიც გაფორმებული იქნება თეატრალური ნომრებით. აღსანიშნავია, თეატრალურ ნომრებს თავად კონკურსანტები წარმოადგენენ. პირველი ნაწილი სრულად დაეთმობა ამ თეატრალურ წარმოდგენებს, რის შემდეგაც გამოვლინდება „ზამთრის ტიტანის“ ნომინაცია.
- უშუალოდ ჩემპიონატზე რომ ვისაუბროთ, თბილისის პირველობაზე ყველა უძლიერესი სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი?
- არა, გვყავს სპორტსმენები, რომლებიც ისვენებენ, ან ისეთები, რომლებმაც არ ისურვეს თეატრალურ ნომრებში ჩართვა. ჩვენი პრინციპი კი ასეთია - ვინც არ მონაწილეობს თეატრალურ ნომერში, ის არ იღებს მონაწილეობს თბილისის ჩემპიონატში.
- რამდენად გაართვეს სპორტსმენებმა თავი თეატრალური ელემენტების ათვისებას?
- ჩვენი სპორტის სახეობიდან გამომდინარე, პლასტიკასთან გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მაინც მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. სარეჟისორო გუნდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და ისინი სპორტსმენებს ყველა იმ საჭირო დეტალს შეასწავლიან, რაც სცენაზე უნდა შეასრულონ. მონდომების ხარჯზე მათ შეუძლიათ პლასტიკის ათვისება და ეს მომავალში, უშუალოდ შეჯიბრზე ინდივიდუალური ნომრების შესრულებისას გამოადგებათ. ბოდიბილდინგი არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც მთელი წელი ერთი დღისთვის ვარჯიშობ და მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთ დღეს გადაფარო მინუსები და წარმოაჩინო ყველა საჭირო უნარი.
- რამდენი სპორტსმენი მონაწილეობს ამ ტურნირში?
- უშუალოდ ჩვენი ფედერაციიდან თბილისის ჩემპიონატში 40 სპორტსმენი იქნება ჩართული, თეატრალურ ნომრებს კი, „შავფაროსნებთან“ ერთად წარმოვადგენთ. მთლიანობაში, ჩვენი ფედერაცია 90 სპორტსმენს აერთიანებს და მაისისთვის მათი რაოდენობის 100-მდე გაზრდას ვვარაუდობთ. ჯერჯერობით გენდერული ბალანსი დარღვეულია და სპორტსმენთა უმეტესობა მამაკაცები არიან. ქალბატონებს უჭირთ მკაცრი დიეტების დაცვა და მერე ქართველი მაყურებლის წინაშე საკუთარი სხეულის წარმოჩენა.
ია უძილაური (პირველი ქალი ფიტნეს-მოდელი საქართველოში, ერთ-ერთი მონაწილე):
- იყო რაიმე საქმეში პირველი, ყველა ადამიანისთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა გამოსვლას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და გამონაკლისი არც მომავალი OFF-სეზონია, რომელიც არასტანდარტული ფორმატით ტარდება. თეატრალური ნაწილი ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, რთული ნომრები გვაქვს შესასრულებელი, თუმცა ამ ყველაფერს დადებითი კუთხით ვუყურებ. სპორტსმენებს გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი სხვა კუთხით წარმოვაჩინოთ. იმედია ბევრი მაყურებელი გვეყოლება, რადგან უკვე იგრძნობა, რომ კარგი სანახაობა გამოვა.
- რამდენად კარგად შეითვისეთ ახალი როლი?
- სჯობს ეს მაყურებელმა შეაფასოს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პირველი მცდელობის ფონზე საკუთარი თავით და გუნდით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მაქსიმუმს ვასრულებთ და ყოველდღიურ რეპეტიციებში ეს კარგად ჩანს.
- რა უნდა გაითვალისწინონ იმ ქალბატონებმა, ვისაც თქვენი პროფესიის არჩევის სურვილი გაუჩნდება?
- უწინარესად, საჭიროა მოტივაცია და ნებისყოფა. ბევრ რამეზე მოუწევთ უარის თქმა, დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ კვებას. მთავარი ისაა, რომ შედეგს ხედავ და ეს მოტივაციას გმატებს. ოთხი წლის წინ, როდესაც ეს პროფესია ავირჩია, იმდენად სასიამოვნო იყო ის ცვლილებები, რასაც ყოველდღიურად ვატყობდი საკუთარ თავს, რომ ნელ-ნელა მოყვარულიდან პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. ფიტნესი ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც სწორ კვებას და სწორ ვარჯიშს მოიცავს და ეს არაფრით უკავშირდება კუნთებს და უხეშ ძალას. ფიტნესი ბოდიბილდინგისგან განსხვავდება და აქ ყურადღება უმეტესად ფორმებს ექცევა და არა კუნთებს.
- როგორ ემზადებით მაისის ტურნირისთვის და რა სიახლეები იქნება წლევანდელ საქართველოს ჩემპიონატში?
- ახლა უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ სპორტით დავკავდი. ოთხი წლის წინ ფაქტობრივად ერთადერთი ფიტნეს-მოდელი ქალი ვიყავი და ჩემი გამოსვლები უფრო საჩვენებელი იყო. ახლა კონკურენტები მყავს, საზღვარგარეთაც მიმიღია მსგავს კონკურსებში მონაწილეობა და საქართველოს საშეჯიბრო დონე ესპანეთსა და ნორვეგიას არაფრით ჩამოუვარდება. გარდა ამისა, მე ფიტნეს მწვრთნელიც ვარ და ჩემი მოწაფე გოგონები წელს პირველად დადგებიან სცენაზე. რადგან მეც ვიღებ მონაწილეობას, ისინი ჩემი კონკურენტები იქნებიან და ეს ორმაგად საინტერესოა.