ფეხბურთი

4:05 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშია მარჯვენა მცველად საუცხოოა

არნემის “ვიტესის” მთავარი მწვრთნელი რობ მაასი გუნდის ქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას თამაშით კმაყოფილია. როგორც ინტერნეტპორტალი soccernews.nl-ი ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს ციტირებს, კაშიამ მარჯვენა მცველად საუცხოოდ ითამაშა.

“გურამ კაშია მარჯვენა მცველად ტაქტიკური მიზეზების გამო დავაყენე. ხშირად, კევინ დიკსი შეტევაში დაუფიქრებლად მიდის, ეს კი “ჰერენვეენის” მსგავს გუნდებთან სახიფათოა. გურამმა ამ პოზიციაზე საუცხოოდ ითამაშა, შეტევაშიც ერთვებოდა და დაცვაც გააკონტროლა”, - თქვა მაასმა.

მოგეხსენებათ, კაშიამ “ვიტესის” ძირითად შემადგენლობაში ერთი პერიოდი ადგილი დაკარგა და სასტარტოს მხოლოდ ბოლო ორი მატჩია რაც დაუბრუნდა. მაასმა ცენტრალური მცველების წყვილი არნოლდ კრუისვიკი-მაიკლ ვან დერ ვერფი არ დაშალა და ქართველ უკანახაზელს ადგილი მარჯვენა მცველად მიუჩინა. “ჰერენვეენთან” კი კაშიამ პირველ გატანილ გოლში თავისი წვლილიც შეიტანა – საგოლე შეტევა მან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, გურამის მოედანზე დაბრუნებას “ვიტესის” ფანები აქტიურად მოითხოვდნენ და ვინ იცის, იქნებ მაასის გადაწყვეტილებაზე ამანაც იქონია გავლენა... ისე კი, კაშიას მარჯვენა მცველად თამაშის გამოცდილება საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან და თბილისის "დინამოდანაც" აქვს.

0.124993