ფეხბურთი

3:34 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" და "ვოლფსბურგი" თითქმის მეოთხედფინალში არიან (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების მეორე სათამაშო დღე სტუმართა გამარჯვებებით აღინიშნა და ორი მეოთხედფინალისტის ვინაობაც თითქმის გაირკვა.

მადრიდის “რეალმა” და კრიშტიანუ რონალდუმ საპასუხო თამაშს აზრი დაუკარგეს. დიახ, იტალიურ “რომას” “სამეფო კლუბმა ორბურთიანი უპირატესობით მოუგო და ადვილი წარმოსადგენია, რომ აღნიშნულ ფორას “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ გაანიავებს.

ამ შეხვედრაზე ითქმის, ერთმა გუნდმა მეორეს კლასის ხარჯზე მოუგოო. “რომა” უკლასო გუნდი სულაც არ მგონია, მაგრამ “რეალი” მასზე ერთი თავით მაღლა დგას და ეს დღევანდელი თამაშის ეპიზოდებმა ცალსახად დაადასტურა. ლუჩანო სპალეტის ბიჭები მთელი 90 წუთი ცდილობდნენ სტუმართა კართან ხიფათის შექმნას, რაც ნაწილობრივ გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ მარტივი არითმეტიკაა, თუ კარში ვერ დაარტყამ, ვერც გაიმარჯვებ და “სტადიო ოლიმპიკოზე” კეილორ ნავასს თამაშში ჩართვა ერთადერთხელ მოუწია. რომაელთა შეტევები რომ კარში დარტყმით არ სრულდებოდა, ეს დიდწილად მათი ერთფეროვანი იერიშების ბრალი გახლდათ – “ჯალოროსი” 90 წუთის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა ფლანგების საშუალებით შეეტია, სადაც სტეფან ელ შაარავისა და მოჰამედ სალაჰის სისწრაფის იმედზე იყო, თუმცა ამით არაფერი გამოვიდა. ისე, ეგვიპტელმა მართლაც ბევრი ირბინა და მადრიდელ მცველებს თავსატეხი არ მოაკლო, მაგრამ რად გინდა?! – უშედეგოდ...

“რეალმა” კი ფაქტობრივად რაც შექმნა გაიტანა. ზინედინ ზიდანის გუნდი ძალზე კარგად მოქმედებდა და კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ სტუმრად თამაშობდა. შანსი კი, “რეალს” აუცილებლად მიეცემოდა და მიეცა კიდეც: მარსელოს გადაცემის შემდეგ კრიშიტანუ რონალდუმ ალესანდრო ფლორენცის სისწრაფეში აჯობა, მერე თავისი საფირმო ფინტით ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდან ისეთი გაიტანა, თქვენგან მოწონებული, - 0:1. “რომამ” ამის შემდგომაც ჩვეულ სტილში განაგრძო შედეგი, რასაც შედეგი არ გამოუღია. სამაგიეროდ, 86-ე წუთზე მოედანზე ახლადშესულმა ხესე როდრიგესმა დიდი მანძილი გაიარა ბურთიანად და საჯარიმოში სესულმა ვოიცეხ შჩესნის მარჯვენა დაბალ კუთხეში ბურთი ლურსმანივით ჩაარჭო.

ამ წყვილში თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე გაირკვა. “რომა” ნამდვილად არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც მადრიდში სასურველი ანგარიშით მოიგებს...

“რომა” – “რეალი” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 55 612

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი (ტოტი 87), მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ვაინკე (დე როსი 77), პიანიჩი, ნაინგოლანი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი (ჯეკო 64)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი, ისკო (კოვაჩიჩი 64); ხამესი (ხესე 82), ბენზემა, რონალდუ (კაზემირო 89)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდუ (57), 0:2 ხესე (86)

გაფრთხილება: ვარანი (62), რამოსი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (1) – 19 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

დღის მეორე შეხვედრაშიც სტუმრებმა მოიგეს. “ვოლფსბურგმა” ბელგიის ჩემპიონ “გენტს” 3:2 მოუგო. არადა, დიტერ ჰეკინგის ბიჭებს თავისუფლად შეეძლოთ უფრო სოლიდური ანგარიშით მოგება, თუმცა არ გამოუვიდათ. ეს დიდწილად კონცენტრაციის დაკარგვის ბრალია, რადგან მე-80 წუთამდე “მგლები” სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ.

მატჩის გმირი კი უთუოდ იულიან დრაქსლერი გახლავთ, ვინც ორი ლამაზი გოლი შეაგდო. “შალკეს” ექსშემტევმა ჯერ იყო და მოედნის ცენტრში ტექნიკური თამაში თავადვე დააგვირგვინა და მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო. მესამე გოლი “გენტს” მაქს კრუსემ გაუტანა. ბელგიელები ბოლოში გამოფხიზლდნენ და სვენ კუმსისა და კალიფუ კულიბალის გოლებით საპატიო ანგარიშით წააგეს – 2:3.

დიდი ალბათობით, ხსენებულ წყვილშიც საპასუზხო მატჩს აზრი დაეკარგა. თუმცა, დაველოდოთ, “გენტს” სიურპირზების შემოთავაზება იქნებ კიდევ შეუძლია...

“გენტი” – “ვოლფსბურგი” 2:3 (0:1) (მიმოხილვა)

გენტი, “გელკომ არენა”

მაყურებელი: 19 978

“გენტი” (3-5-2): სელსი; ნილსენი, მიტროვიჩი, ასარე; ფოკეტი, ნეტო, კუმსი, დეიაგერე, მილიჩევიჩი (საიეფი 61); დეპოიტრე (კულიბალი 80), სიმონი (მატონი 61)

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზბრუკი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტელესი; იუნგი (შურლე 45), კნოხე, დანტე, როდრიგესი; ტრეში, ლუის გუსტავო; ვიეირინია (შეფერი 80), არნოლდი, დრაქსლერი; კრუსე (პუტარო 90)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 0:1 დრაქსლერი (44), 0:2 დრაქსლერი (54), 0:3 კრუსე (60), 1:3 კუმსი (80), 2:3 კულიბალი (89)

გაფრთხილება: კუმსი (60) – ლუის გუსტავო (47), ვიეირინია (48)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 16 (4) ბურთის ფლობა: 57%43% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: სვენ ოდვერ მოენი (ნორვეგია)

0.33886