ჭადრაკი

23:31 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე გრან-პრის სათავეში ჩაუდგა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2529) სათავეში ჩაუდგა ფიდე-ს ქალთა გრან-პირს II ეტაპს, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს.

ტურნირის მე-6 ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2484) დაამარცხა და თავი 4.5 ქულას მოუყარა. ასეთივე მონაგარი აქვს რუს ნატალია პოგონინასაც (2454), რომელიც შავებით თანამემამულე ვალენტინა გუნინას (2496) დაუზავდა, თუმცა, ნანა კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ძაგნიძეს და პოგონინას 0.5 ქულით ჩინელები ქსუე ჟაო (2506) და ვენჯუნ ჟუ (2558) ჩამორჩებიან და სავარაუდოა, რომ პირველობისთვის ბრძოლა სწორედ ამ ოთხეულს შორის წარიმართება.

სამწუხაროდ, ძალიან სუსტად თამაშობს გრან-პრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ნინო ბაციაშვილი (2485), რომელიც 1.5 ქულით 12 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე იმყოფება.

გასულ ტურში ნინო თეთრებით ყველაზე დაბალი რეიტინგის (2403) მქონე სარასადატ ხადემალშარიეჰთან დამარცხდა. საინტერესოა, რომ ირანელი მოჭადრაკე ჯერაც წაგების გარეშეა და 3.5 ქულით საპატიო მე-5 პოზიციაზე გახლავთ.

18 თებერვალს თეირანში მე-7 ტურის პარტიები შედგება და ქართული დაპირისპირებასაც ვიხილავთ: ძაგნიძე ბაციაშვილს თეთრი ფიგურებით გაეჯიბრება. საინტერესო იქნება პოგონინას პარტიაც ინდოელ ჰამპი კონერუსთან (2583), რომელსაც ტურნირზე უმაღლესი რეიტინგი გააჩნია.

0.132578