ფეხბურთი

17:02 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ნახევარფინალები: "დინამო"-"ჩიხურა", "ვიტ ჯორჯია"-"სიონი"

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა. თბილისის "დინამოს" მეტოქედ საჩხერის "ჩიხურა" ერგო, ხოლო მეორე წყვილი ბოლნისის "სიონმა" და პირველლიგელმა თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" შეადგინეს.

პირველი მატჩები 20 აპრილს გაიმართება, საპასუხოები კი - 5 მაისს. ფინალი 18 მაისს იქნება.

წილისყრიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად "ჩიხურას" გაუმართლა, რადგან ჩემპიონატის ლიდერს ხვდება. ისე, "ჩიხურა" ორჯერ ეთამაშა თასის ფინალში "დინამოს" და ორივეჯერ წააგო (2013, 2014) , თუმცა ერთხელ სუპერთასი მოუგო.

მეორე წყვილშიც არის ფავორიტი, ბოლნისის "სიონი" ხომ პირველლიგელ "ვიტ ჯორჯიას" ხვდება. თუმცა ეს ნახევარფინალებია, თასსაც სხვა სპეციფიკა აქვს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"დინამოს" 12-ჯერ მოუგია ეს ტიტული და აქედან, ბოლო წლებში ზედიზედ სამჯერ. "ვიტ ჯორჯიამ" ერთხელ მოიპოვა თასი, 2010 წელს სწორედ "დინამოს" სძლია ფინალში 1:0, ხოლო "სიონსა" და 'ჩიხურას" არასოდეს აუღიათ თასი. ისე, "სიონიც" იყო ფინალში, 2003 წელს "დინამოსთან" 1:3 წააგო.

ნახევარფინალები: დინამო-ჩიხურა, ვიტ ჯორჯია-სიონი.

0.123994