ფეხბურთი

2:36 | 17.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" რომში რევანშისთვის

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი ჩატარდება. მთავარი შეხვედრა რომშია, სადაც ადგილობრივი “რომა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ბელგიის ჩემპიონი და დებიუტანტი “გენტი” კი, გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “ვოლფსბურგს” დაუხვდება.

“რომასა” და “რეალის” წყვილში სპეციალისტები ცალსახა ფავორიტად ესპანურ გრანდს მიიჩნევენ, მაგრამ რომაელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ასე არ ფიქრობს და ამბობს, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი 50%-50%-ზეა. საერთოდ, ბოლო დროს “ჯალოროსი” გადასარევ ფორმაშია და უკვე მიჯრით 13 თამაშია არ წაუგია. სხვათა შორის, “მგლების” გარდაქმნა დიდწილად სპალეტის დამსახურებაა, რომელმაც ფრანგი რუდი გარსია ჩაანაცვლა. “რომას” სასარგებლოდ “რეალის” ცუდი სტატისტიკაც მეტყველებს: საქმე ისაა, რომ “სამეფო კლუბს” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იტალიური გუნდის ბარიერი უკვე 29 წელია არ გადაულახავს. შარშანაც მადრიდელებმა ტურინის “იუენტუსთან” წააგეს ნახევარფინალი – 2:3.

დღევანდელ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება ზინედინ ზიდანს. “ზიზუს” ფეხბურთელობისას ლიგის გემო და თასის მოგებაც გაუგია, მაგრამ სამწვრთნელი საქმიანობა სხვა საკითხია. ისე კი, მას შემდგომ, რაც ფრანგმა “რეალი” ჩაიბარა, ლა ლიგაში ჩინებული შედეგები აქვს და ყველა მატჩი მოიგო, მხოლოდ ერთის გამოკლებით.

დღევანდელ მატჩში მასპინძლები საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ფრანჩესკო ტოტის თამაშის საკითხია, რომელსაც XXI საუკუნის დასაწყისში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გოლი ორჯერ აქვს გატანილი. რაც შეეხება “რეალს”, ესპანელთა საკადრო მდგომარეობა გაცილებით სავალალოა – “სტადიო ოლიმპიკოს” მინდორზე გასვლას პეპე და გარეტ ბეილი ვერ შეძლებენ, ხოლო მარსელოს თამაში ბოლო მომენტში გადაწყდება.

“რომა” და “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ერთმანეთს 2007-2008 წლების სეზონში გადაეყარნენ და მაშინ ყველასათვის მოულოდნელად მომდევნო ეტაპზე “ჯალოროსი” გავიდა, რომელმაც ვიზავის ორივე თამაში მოუგო. რომში, რაულის გოლს დავიდ პიზარომ და ამანტინო მანსინიმ უპასუხეს, ხოლო მადრიდში მასპინძელთაგან ისევ რაულმა გაიტანა, თუმცა როდრიგო ტადეიმ და მირკო ვუჩინიჩმა “რომას” ისტორიულ გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ “რომას” დღევანდელის მსგავსად ლუჩანო სპალეტი წვრთნიდა.

ლუჩანო სპალეტი (“რომას” მთავარი მწვრთნელი): “ფავორიტები არ ვართ, მაგრამ შანსი თანაბარია, 50%-50%-ზე. “რეალი” დაახლოებით იგივე გუნდია, რომელმაც მეათე ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მათი დამარცხება ადვილი არ იქნება. თუმცა, თუ ასე მოხდა, გაკვირვებული არ ვიქნები.

“რეალი” ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე 8 წლის წინ იყო. ისინი ბურთს ფლობენ და შეტევაში ხშირად გადადიან. მათ ჰყავთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. იგი თანამედროვე ფეხბურთელია, სწრაფი და ბევრი გოლები გააქვს. მიუხედავად ამისა, მას პერსონალურ მეურვეს არ მივუჩენ”.

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “დღეს რთულ თამაშს ველდოები, რადგან ჩემპიონთა ლიგა პრიმერადივიზიონიდან ბევრად განსხვავდება. “რომაც” ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მშვიდად ვარ იმიტომ, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ჩემმა გუნდმა კარგად ივარჯიშა. დღეს მხოლოდ პირველი თამაშია, რომელშიც არაფერი გაირკვევა. კარგად გვაქვს გათავისებული, რომ ბრძოლა 180 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ტოტი? – მისი გადაწყვეტილება, კარიერის გაგრძელების შესახებ ფანტასტიურია. არ ვიცი, მომავალ სეზონშიც ითამაშებს თუ არა, მაგრამ ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს და მას მოედანზე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიხილავთ”.

“რომა” – “რეალი”

რომი, “ოლიმპიკო”

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; სალაჰი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, დანილო; მოდრიჩი, კროოსი, ისკო; ხამესი, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

დღის მეორე მატჩში “გენტი” გერმანულ “ვოლფსბურგს” მასპინძლობს. დიტერ ჰეკინგის გუნდი წყვილში ფავორიტია, მაგრამ ბელგიის ჩემპიონს სიურპრიზების შემოთავაზება რომ შეუძლია, ჯგუფურ ეტაპზე უკვე დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველად ითამაშებს. შესაბამისად, დასაკარგი არცერთ გუნდს არაფერი აქვს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებენ. ეს განსაკუთრებით “გენტზე” ითქმის, რადგან “ვოლფსბურგი” შემადგენლობით მეტოქეს ნამდვილად აღემატება, თანაც ბუნდესლიგაში ამ გუნდის საქმეები ბოლო პერიოდში კარგად არ მიდის და რეაბილიტირება აშკარად მართებთ.

“გენტმა” პლეიო-ოფში გასვლა პირველივე ცდაზე მოახერხა. ჰეინ ვანჰაეზბრუკის შეგირდებს ბოლო 7 საშინაო შეხვედრა ყველა ტურნირის ჩათვლით მოგებული აქვთ.

დღევანდელ მატჩში “ვოლფსბურგს” ძირითადი შემადგენლობის ორი წვერი დააკლდება. მეკარე დიეგო ბენალიო, რომელსაც ბელგიელი კოენ კასტელესი ჩაანაცვლებს. სხვათა შორის, მას დღეს ლიგაზე დებიუტი ექნება. მეორე დანაკლისი კი ბრაზილიელი მცველი ნალდოა, რომელმაც “მგლები” მერვედფინალში გაიყვანა. მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ვეტერანმა სამხრეთაამერიკელმა დუბლი შეასრულა. ნალდო დისკვალიფიცირებულია. მათ გარდა ჰეკინგს ბას დოსტის, დანიელ კალიჯურისა და ნიკლას ბენტნერის იმედიც არ ექნება. რაც შეეხებათ მასპინძლებს, დღეს თამაშს ვან დერ ბრუგენი ვერ შეძლებს, რაც ბელგიელთათვის სერიოზული დანაკლისი არაა.

ჰეინ ვანჰაეზბრუკი (“გენტის” მთავარი მწვრთნელი): “პლეი-ოფები ჯგუფური ეტაპიდან განსაკუთრებით იმით განსხვავდება, რომ აქ მნიშვნელობა სტუმრად გატანილ გოლსაც აქვს. ეს საკუთარ თავზე ბელგიის თასზე “ბრიუგესთან” უკვე გამოვცადეთ და სულელეური შეცდომები არ უნდა დავუშვათ.

ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ამჟამად კონცენტრირებული მხოლოდ საშინაო თამაშზე ვართ და გვინდა საპასუხო თამაშის წინ უპირატესობა მოვიპოვოთ”.

დიტერ ჰეკინგი (“ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელი): “ბევრი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი გვყავს, ხუთი ძირითადი შემადგენლობის წევრი არ გვეყოლება. მთელი გუნდი დადებით შედეგის მიღწევაზე ფიქრობს, რომ სახლში თამაშის წინ უპირატესობა გვქონდეს.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. ბუნდესლიგის თამაშების წინ პრესკონფერენციებს რვა ჟურნალისტი თუ ესწრება ხოლმე, ახლა კი დარბაზი სავსეა. ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობისთვის კი ეს ტურნირი უცხოა.

ალბათ, გერმანიაში “გენტი” აუტსაიდერი იქნებოდა, მაგრამ ვიცით, რომ კარგი გუნდია. ბელგია კი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა”.

“გენტი” – “ვოლფსბურგი”

გენტი, გელკოლმ არენა”

“გენტი” (3-2-3-2): სელსი; ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი; კუმსი, ნეტო; დეიაგერე, მილიჩევიჩი, ფოკეტი; სიმონი, დეპოიტრე

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზბრუკი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტელესი; ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი; არნოლდი, ლუის გუსტავო; ვიეირინია, დრაქსლერი, შურლე; კრუსე

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

მსაჯი: სვენ ოდვერ მოენი (ნორვეგია)

0.279747