ფეხბურთი

16:43 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივის” ამბები: გეგმები, ახალწვეულების პრეზენტაცია
გიორგი ყიფიანი: “პროგრესული კლუბი ვართ და ამის თქმის საფუძველი მაქვს”

თბილისის “ლოკომოტივი” გუშინ ღამე დაბრუნდა ესპანური შეკრებიდან და დღეს საგურამოში პრესკონფერენცია მოაწყო. კლუბის დირექტორი გიორგი ყიფიანი, მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა, კაპიტანი ნიკა ჭანტურია და სხვა ახალწვეული ფეხბურთელები სტადიონზე შეხვდნენ ჟურნალისტებს.

დღევანდელი სიახლე: “ლოკომოტივში” ითამაშებს ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე. ის თავისუფალი აგენტი გახლდათ და სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი თბილისურ კლუბთან. ცხადაძე 7 ნომრით ითამაშებს.

გიორგი ყიფიანი: - გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ახლა “ჩიხურასთან” ჩემპიონატის მატჩისთვის ემზადება. მოსამზადებელზე 6 მატჩი გავმართეთ, აქედან 3 მოვიგეთ და 3 წავაგეთ. დავიმატეთ არაერთი ფეხბურთელი: რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, ალეკო მზევაშვილი, ლუკა კიკაბიძე, ბექა მახარაძე და აი, დღეს უკვე ბაჩანა ცხადაძე. მჯერა, გუნდი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება და ჩემპიონობაზე საუბარი არაა, მაგრამ ქულების მაქსიმალურად დაგროვებას ეცდება.

...ამასთან, ყოველ პარასკევს “სილკ უნივერსალზე” გაგრძელდება ჩვენი თამაშების პირდაპირ ეთერში გადაცემა. ჩვენ პროგრესული კლუბი ვართ და ამის თქმის საფუძველი მაქვს”.

ჟერარდ სარაგოსა: “ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაგვემატა და კარგი მატჩებიც ჩავატარეთ, რაც დარწმუნებული ვარ, გამოგვადგება. რა მოგვცა “შახტართან” მატჩმა? მეტოქე რა დონის გუნდიც იყო, მოგეხსენებათ, საოცრად ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობდნენ და ამ შეხვედრაში უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, რაში გვიჭირს, რაში გვაქვს მეტი სამუშაო. მიზნად გვაქვს, რომ სწორედ ასეთი ინტენსივობით ვითამაშოთ მომავალში, როგორც ამას ‘შახტარი” ახერხებდა.

...საქართველო ტალანტების ქვეყანაა. მაგალითად, მომწონს როგორ უდგებიან საქმეს “დინამო”, “საბურთალო” და ჩვენი “ლოკომოტივიც”. მინდა, რომ სხვა კლუბებმაც მოგვბაძონ, ასე უფრო ბევრი ტალანტი გამოჩნდება საქართველოში.

...მიქაელ ლაუდრუპის თანაშემწეობა? ლაუდრუპი დადებითი პიროვნებაა და დიდი პერსონაც გახლავთ. რა თქმა უნდა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის 90-იან წლებში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ.

ნიკა ჭანტურია: “კარგი შეკრება გამოგვივიდა. შეკრებაზე შედეგი იმდენად არაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც გუნდის შეთამაშება, სიახლეებზე მუშაობა. მიზნად გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ ჩემპიონატში და ვფიქრობ, წინსვლისთვის ყველა წინაპირობაა. “ჩიხურასთან” უახლოეს მატჩს რაც შეეხება, იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ”.

შეგახსენებთ, “შახტართან” 2:5 წაგებულ შეხვედრაში ერთი გოლი ჭანტურიამ გაიტანა (შორეული დარტყმით), მანამდე კი დონეცკელთა კარი ალექს ბენაშვილმა აიღო პენალტით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128342