ფეხბურთი

2:20 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"პარკ დე პრენსზე" ერთი წლის შემდეგ: ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

გულშემატკივართა მოლოდინი დასრულდა და ორთვიანი პაუზის მერე, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა დღეს, პარიზსა და ლისაბონში ორი მატჩით განახლდება.

დღის მთავარი თამაში კი უთუოდ “პარკ დე პრენსზეა” დაგეგმილი, სადაც შარშანდელი მერვედფინალის რიმეიქია: პსჟ – “ჩელსი”.

ამ წყვილში ფავორიტის დასახელბა რთულია. ფაქტი ერთია, რომ ორივე გუნდის მთავარი საზრუნავი ახლა ჩემპიონთა ლიგაა, რადგან შიდა ჩემპიონატებში ყველაფერი მათთვის დასრულებულია. კერძოდ, “პარი სენ ჟერმენი” ლიგა 1-ს 24(!) ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და დარჩენილ ტურებში ქულაც რომ ვერ მოიპოვოს, დიდი ალბათობით ჩემპიონი მაინც გახდება. თანაც ეს რომ არ იყოს, ლორან ბლანმა წინასამატჩო პრესკოფენრენციაზე თქვა, ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიაო და ამ სიტყვებს განმტკიცება უდავოდ სჭირდება. რაც შეეხება “ჩელსის”, ლონდონელებს პრემიერლიგაში საქმე არხეინად არ აქვთ, რადგან მეორე ათეულს ამაგრებენ. შესაბამისად “არისტოკრატებს” თუ სეზონის გადარჩენა უნდათ, ლიგაზე წარმატებით უნდა გამოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდგომ რაც “ჩელსი” ჰოლანდიელმა გუუს ჰიდინკმა ჩაიბარა, უკვე 11 თამაშია დაუმარცხებელია. ბუნებრივია, ლონდონელებს წაუგებელი სერიის გაგრძელება საფრანგეთშიც სურთ. რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატში 33 თამაშიანი მოგებების სერია წინა ტურში “ლილთან” (0:0) შეწყვიტეს.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს კოტ დივუარელი მცველის, სერჟ ორიეს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომელიც გუნდიდან მთავარი მწვრთნელისა და თანაგუნდელების შეურაცხყოფის გამო მოკვეთილია. ამასთან, საეჭვოა ხავიერ პასტორეს თამაშიც. სხვა მხრივ ლორან ბლანს შემადგენლობაში პრობლემები არ აქვს. გაცილებით სერიოზულია “ჩელსის” დანაკლისი – ლონდონელებს ჯონ ტერი და კურტ ზუმა ტრავმების გამო არ ეყოლებათ, ხოლო ნემანია მატიჩი დისკვალიფიკაციას იხდის.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს შარშან ამავე ეტაპზე გადაეყარნენ და მაშინაც პირველ თამაშს პარიზმა უმასპინძლა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. ლონდონში კი გულშემატკივრებმა ნამდვილი თრილერი იხილეს – ძირითადი დრო “სტემფორდ ბრიჯზეც” პირველი თამაშის მსგავსად დამთავრდა, ხოლო დამატებით დროში ედენ აზარის პენალტს ტიაგო სილვამ ლამაზი თავურით უპასუხა და “ჩელსი” ტურნირს გამოთიშა. აღსანიშანვია, რომ ამ შეხვედრის პირველ ტაიმში მოედნიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააძევეს, რომელსაც შემდგომ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა...

დღევანდელ მატჩამდე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხეს.

ლორან ბლანი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): “ჩელსის” წინააღმდეგ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია. ლონდონელებს ბოლო ორ სეზონში ორჯერ ვეთამაშეთ და ერთხელ მოვიგეთ. სწორედ ასეთი თამაში უნდა ვაჩვენოთ ახლაც.

ჯონე ტერის არყოფნა ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ის “ჩელსისთვის” მორალურად საჭირო ფეხბურთელია. მე ჯერ კიდევ არ ვიცი, თუ რა შემადგენლობას დავაყენებ. მარჯვენა მცველის პოზიციაზე გრეგორი ვან დერ ვილსა და მარკინიოსს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. ხოლო მარკო ვერატი 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა, თუმცა მას ძირითადში თამაში უნდა.

ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლა შეგვიძლია. ბიჭებს გასული წლები ზურგს უმაგრებენ და მათ საჭირო გამოცდილებაც გააჩნიათ. ვფიქრობ, ტურნირის მოგების პოტენციალი გვაქვს”.

გუუს ჰიდინკი (“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი): “პარი სენ ჟერმენი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში დომინანტია. მგონია, რომ შანსი 50%-50%-ზეა. მათ სურთ, რომ დიდი მიზნებს მიაღწიონ და ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. რაც შეგვეხება ჩვენ, ახლა უფრო გავიზარდეთ, დეკემბერთან შედარებით. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, თუმცა ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება.

ითამაშებს თუ არა მარკო ვერატი? – ვერატი პსჟ-სთვის და იტალიის ნაკრებისთვის წამყვანი მოთამაშეა, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭბდი, რადგან პარიზელებს მისი შემცველები ჰყავთ. ისევე, როგორც ჩვენთვის ტერის არყოფნას. დიდ გუნდებს ყოველთვის შეუძლიათ ფეხბურთელების ჩანაცვლება”.

“პარი სენ ჟერმენი” – “ჩელსი”

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; ვან დერ ვილი (მარკინიოსი), ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; ვერატი (რაბიო), ტიაგო მოტა, მატუიდი; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მწვრთნელი: ლორან ბლანი

“ჩელსი” (4-2-3-1): კურტუა; ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კაჰილი, ბაბა რაჰმანი; ობი მიკელი, ფაბრეგასი; პედრო, აზარი, ვილიანი; დიეგო კოშტა

მწვრთნელი: გუუს ჰიდინკი

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

დღის მეორე მატჩი, “ბენფიკა” – “ზენიტი” პირველის ჩრდილშია მოქცეული. საერთოდ, აღნიშნული წყვილი მერვედფინალურ წყვილებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ ინტერესს იწვევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ზენიტმა” ჯგუფური ეტაპი დიდებულად განვლო და მიჯრით მოგებული ხუთი თამაშის შემდეგ, მხოლოდ ბოლო ტურში წააგო “გენტთან” (1:2) წააგო. სხვათა შორის, ეს ბოლო ოფიციალური მატჩია, რომელიც რუსებმა ითამაშეს, რადგან მოგეხსენებათ, იქაურ ჩემპიონატში ზამთრის პაუზაა. რაც შეეხება “ბენფიკას”, ლისაბონელებმა პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ მოსისხლე მტერ “პორტუსთან” წააგეს (1:2), რითაც 11 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტეს.

მასპინძლებს დღეს კაპიტანი ლუიზაო ტრავმის გამო არ ეყოლებათ. ამავე მიზეზით რუი ვიტორიას არც ნუნუ სანტუშის იმედი უნდა ჰქონდეს. “ზენიტს” კი, სმოლნინოვი, ფაიზულინი და რიაზანცევი დააკლდება. ამ უკანასკნელს დისკვალიფიკაცია აქვს.

ლისაბონის “და ლუჟზე დღეს ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაბრუნდება – აქსელ ვიტსელი, ხავი გარსია და ეზეკიელ გარაი “ზენიტში” გადაბარგებამდე “ბენფიკას” ღირსებას იცავდნენ, ხოლო ანდრე ვილაშ-ბოაში სამშობლოში ბრუნდება. მან სახელი მოგეხსენებათ, “პორტუში” წარმატებული მუშაობით გაითქვა.

რუი ვიტორია (“ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი): “ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. ისინი ერთად დიდი ხანია თამაშობენ და რამდენიმე მათგანი პორტუგალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.

ჩვენ გახარებულები ვართ, რომ მერვედფინალში ვასპარეზობთ, “ზენიტი” რთული და ძლიერი მეტოქეა, მაგრამ “ბენფიკას” ერთადერთი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. მე ამაყი ვარ, გუნდის მუშაობით. ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს. მხოლოდ რენატო სანჩესი არა, არამედ ნელსონ სემედო, ვიქტორ ლინდელოფი და გონსალო გუედეში. ეს შესანიშნავია”.

ანდრე ვილაშ-ბოაში (“ზენიტის” მთავარი მწვრთნელი): “ბოლო თვეებში “ბენფიკა” გარდაქიმნა. ისინი კარგად ათამაშდნენ, იგებენ და ბევრ გოლს იტანენ. ველოდები ძლიერ “ბენფიკას”, რომელიც “პორტუსთან” მარცხის გამო გაბრაზებული იქნება. ეს “ბენფიკა” განსაკუთრებით სახიფათო ფლანგებზეა. ისინი მოედნის ამ მონაკვეთიდან კარგად უტევენ და ბევრ ხიფათსაც ქმნიან.

მართალია, ჩვენ ოფიციალური თამაში დიდი ხანია არ გვითამაშია, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერი მომზადება გავიარეთ. ჩვენი მიზანი დღეს სასურველი შედეგი ვაჩვენოთ საშინაო თამაშის წინ, სადაც ჩვენ ყოველთვის უკეთ ვთამაშობთ.

“ბენფიკა” – “ზენიტი”

ლისაბონი, “და ლუჟი”

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; სილვიო, ლოპესი, ჟარდელი, ელიზეუ; პიცი, ალმეიდა, სანჩესი, გაიტანი; ხონასი, მიტროღლუ

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ზენიტი” (4-2-3-1): ლოდიგინი; ანიუკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო; ხავი გარსია, ვიტსელი; ჰალკი, დანი, შატოვი; ძიუბა

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

0.212814