ჩოგბურთი

17:40 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია ფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული 10-ათასიანი ტურნირის ფინალურ მატჩში მარცხი განიცადა და ტიტულის გარეშე დარჩა. გადამწყვეტ შეხვედრაში სოფომ პირველი რეიტინგის მქონე გერმანელ ანე შეფერთან 3:6, 1:6 წააგო.

მე-4 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ნახევარფინალში თანამემამულე ეკატერინე გორგოძის დაჯაბვნა მოახერხა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძე 3:4-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

საინტერესოა, რომ მეოთხედფინალში გორგოძეს ასევე ნაკლული მატჩის ჩატარება მოუხდა. ეკატერინე მე-8 ნომრად განთესილ ანი ამირაღიანს 5:3-ს ამარცხებდა, როდესაც სომეხმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო.

ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალშივე ქვაცაბაიამ ფრანგ ჟოზეფინ ბუალემს (მე-6) 7:6 (10:8), 6:3 სძლია.

0.118384