გურამ კაშიამ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში. ეს მას შემდეგ, რაც მწვრთნელი რობ მაასი არ ენდობოდა და სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა. როგორც იცით,"ვიტესის" ფანები ყველა მატჩისას გამოხატავდნენ პროტესტს კაშიას უთამაშებლობის გამო.
გუშინ არნემელებმა 3:0 მოუგეს "ჰერენვენს" და ვაკო ყაზაიშვილმა ორი გოლი გაიტანა. კაშიამ ამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"ბავშვივით ბედნიერი ვარ. იყო პერიოდი, როცა სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი მქონდა და "ვიტესიდან" წასვლაზეც კი დავფიქრდი. არ არსებობს ამბიციური ფეხბურთელი, რომელიც მშვიდად შეეგუება სათადარიგოთა სკამზე ჯდომას. ახლა ყველაფერი წესრიგშია. მთავარია, ტემპი არ შევანელოთ და მესამე ადგილზე გასვლაც შეგვეძლება".
"ვიტესი" ამჟამად მეხუთე პოზიციაზეა და მესამეადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.