ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგ ტურში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ჰერენვეენს” 3:0 აჯობა. აღსანიშნავია, რომ სამიდან ორი გოლი აქტივში ვაკო ყაზაიშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მოედანზე 86 წუთი დაჰყო.
ვაკოს მსგავსად ძირითად შემადგენლობაში ითამაშა არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც პირველ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა. გამოსარჩევია, რომ “ვიტესის” გულშემატკივრებმა “გელბედრომზე” კაშიას გამოსახულების ბანერი გადმოფინეს წარწერით: “გამარჯვებულები არასდროს ნებდებიან”.
თამაშის შემდეგ ქართველმა მცველმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და დასძინა, რომ ბედნიერია, როგორც პატარა ბავშვი.
“ბავშვივით ბედნიერი ვარ. როდესაც არ ვთამაშობდი ძალიან იმედგაცრულებული და დამწუხრებული ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა. მწვრთნელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
გულშემატკივრები? – რაც მათ მოამზადეს ძალიან ლამაზი იყო. თამაშს რაც შეეხება, კარგად ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით”, - უთხრა კაშიამ FOX Sport-ს.
შეგახსნებთ, გურამი “ვიტესის” ძირითად შემაგდენლობას ერთი კვირის “აზ ალკმაართან” მატჩისას დაუბრუნდა (0:1). ჯამში კი, მიმდინარე სეზონში 16 თამაშში 3 გოლი გაუტანია და ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.