რაგბი

22:57 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლისაბონში სარეკორდო სხვაობით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასისთვის გადაზრდილი რომაა, ლისაბონში პორტუგალიასთან გამართულ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. წლიდან წლამდე ჩვენსა და მეტოქეებს შორის დონეთა სხვაობა იზრდება და ეს შედეგებზეც სათანადოდ აისახება.

პორტუგალიაში „ბორჯღალოსნები“ უძლიერესი შემადგენლობით არ ჩასულან და საუკეთესო თამაში არ უჩვენებიათ, მაგრამ შეცდომების ფონზეც კი, მათი კლასი მეტოქეზე იმდენად დიდი იყო, რომ „ლობუშთან“ ლისაბონში ჩატარებულ მატჩებში სარეკორდო სხვაობა დაფიქსირდა - 29:3. მანამდე რეკორდი ორი წლის წინ დაფიქსირდა და მაშინ სხვაობა 25 ქულა იყო (34:9), ახლა კი, ეს მაჩვენებელი 1 ქულით გაიზარდა და თანაც ქართველებმა ოთხი ლელოს გატანისთვის მეხუთე ბონუს ქულაც ჩაიწერეს.

2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოსა და პორტუგალიას შორის მე-20 ჯახი გაიმართა. თამაშმა წვიმაში, ძლიერი ქარის ფონზე ჩაიარა და ბუნებრივმა პირობებმა მის მსვლელობას თავისი კვალი დაამჩნია. ხშირი იყო შეცდომები, განსაკუთრებით ქართველთა მხრიდან და საწყისმა 30-მა წუთმა მასპინძლების ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით ჩაიარა. მაგრამ „ბორჯღალოსნები“ თავს კარგად იცავდნენ, მეტოქეს შერკინებაში პირწმინდად ჯაბნიდნენ და მეტოქე მოედანზე კაცნაკლული რომ დარჩა, როგორც დიდ გუნდებს სჩვევიათ, ეს 10 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ორი ლელოც გაიტანეს.

შეცდომები მეორე ტაიმშიც იყო, განსაკუთრებით არ გვივარგოდა დერეფანი, რაც ალბათ ძლიერი ქარითაც იყო გამოწვეული, თუმცა, ორი ლელო ამ ნახევარშიც გავიდა. ტექნიკური წუნის გარდა, შეცდომები შეგვემთხვა ფეხით თამაშისასაც და ამ კომპონენტებზე მწვრთნელებს სამუშაო ექნებათ, რადგან უფრო ძლიერმა მეტოქეებმა და უწინარესად რუმინეთმა, შესაძლოა, ჩვენი დაუდევრობები ქულებში ასახონ.

მატჩის დებიუტში დავით ქუბრიაშვილი რაქის გაწმენდისას დაჯარიმდა, მერე თამაზ მჭედლიძეს სველი ბურთი დაუვარდა, მეტოქემ თამაშის გაშლა რომ სცადა ბურთი დაკარგა, მაგრამ კონტრშეტევისას ის ვასილ ლობჟანიძემაც დაკარგა და სახიფათო იერიში აქეთ მივიღეთ, პორტუგალიელმა ბურთს ფეხი წაკრა და გაგვიმართლა ნუნუ სოუზა-გედეშმა ის ლელოდან 5 მეტრში რომ ვერ აიღო, თორემ ლელო გარდაუვალი იქნებოდა. ამ ეპიზოდში მეტოქეს სანდრო თოდუა მიყვებოდა და კარგია მოიერიშე რომ არ შებოჭა, თორემ თავად სინბინს ვერ გადაურჩებოდა და შესაძლოა, უელსელ რეფერის საჯარიმო ლელოც ჩაესტვინა.

ძლიერი ქარის პირობებში ფეხით თამაში რომ არ აეწყო, მეტოქის ნახევარზე გადასვლა მხოლოდ მე-12 წუთზე შევძელით და დერეფნიდან იერიშის გაშლის მცდელობისას იენ დევისმა ქუბრიაშვილის მხრიდან წესების დარღვევა დაინახა, რის შემდეგაც ის სინბინში გაუშვა. ამას 22-ში საკუთარი დერეფნის წაგება და მეტოქის იერიში მოყვა, მაგრამ წვიმა და ქარი მათზეც მოქმედებდა და ბურთი წინ დაუვარდათ, ჩვენი შერკინება კი, უბრალოდ შეუდარებელი იყო.

მე-15 წუთზე დერეფანში ორმხრივი შეცდომის შემდეგ, ქართველმა მორკინალებმა მოკლე დარტყმებით უტიეს, ფაზები კარგად მიება და თითქმის 2-წუთიანი იერიშისას 20 მეტრის მოგების შემდეგ, მეტოქე დაჯარიმდა, მერაბ კვირიკაშვილმა კი, რომელიც დავით კაჭარავას მსგავსად 89-ე სანაკრებო შეხვედრას ატარებდა, 3 ქულის აღების შანსი ხელიდან არ გაუშვა. სანამ ქართველთა შემადგენლობა შეივსებოდა, უნებლიე თამაშგარისთვის დავჯარიმდით და სოუზა-გედეშმა 35 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა.

ბურთის შენარჩუნება რომ ვერ ხერხდებოდა აქცენტი ლოგიკურად ძლიერ მხარეზე, შერკინებაზე გაკეთდა და ზედიზედ ჯარიმების შემდეგ, 32-ე წუთზე რეფერიმ ბრუნუ როშა სინბინში გაუშვა. აქ საქმეში გამოცდილებაც ჩაერთო, გიორგი ჩხაიძემ დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა, რომელმაც ლელომდე მანძილი სწრაფად დაფარა და ბურთი გიორგი თხილაიშვილმა დაამიწა. ამ ლელოში კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ჩხაიძის როლი, რომელიც მოლის სათავეში იდგა და ის სწორი მიმართულებით მიყავდა. მან დღეს 88-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. ძლიერმა ქარმა კვირიკაშვილს გარდასახვიდან ბურთის კარამდე მიწვდენის საშუალება არ მისცა.

38-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეორე, ძალიან ლამაზი ლელო გაიტანა და მასში უდიდესი წვლილი ლობჟანიძეს მიუძღვის. ეს ეპიზოდი ნამდვილად გაახარებდა „ბრივის“ მესვეურებს, რომელთა რიგებსაც ლობჟანიძე ტოპ 14-ის მომავალი სეზონიდან გააძლიერებს. ახალგაზრდა ქართველმა 9 ნომერმა თანაგუნდელთან კომბინაცია გაითამაშა, მარცხენა ფლანგზე გაინავარდა და ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი რომ მიიზიდა ბურთი მერაბ კვირიკაშვილს ამოუგდო და უკვე ლელოში შესულმა ის ძელებს უკან დაამიწა, რის შემდეგაც გარდასახვის გატანა აღარ გაჭირვებია. ტაიმის ბოლოს ლელოს გატანის შანსი კვლავ ქართველებს ჰქონდათ, მაგრამ შეცდომა დაუშვეს და საწყისი 40 წუთი 15:3 დასრულდა.

მესამე ლელო თამაშის განახლებისთანავე გავიდა. თხილაიშვილმა ბურთი თავის ნახევარზე, 40-მეტრიან ხაზთან მიიღო, ჯერ განზე იარა, მერე მიმართულება გაასწორა და მაღალ სისწრაფეზე ხაზი გაჭრა, პორტუგალიელებმა ის 22-ის ხაზთან შეაჩერეს, საქმეში დანარჩენი მორკინალები ჩაერთნენ, გიორგი ნემსაძე მცველებმა ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, შემდეგი დარტყმისას კი, მიზანს ქართველთა „ჯოკერმა“ ზურაბ ჟვანიამ უწიამ და კვირიკაშვილმაც გარდასახვით მონაგარი კიდევ უფრო გაზარდა - 3:22.

მთლიანობაში, მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ პირველზე უკეთ ჩაატარეს. სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ახლა უკვე ქართველთა მხარეს იყო და სტუმრები შემოქმედებით თამაშს ცდილობდა, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო ბევრი რამ არ გამოდიოდა. არ მუშაობდა დერეფანიც და როცა ყველაფერი კარგად გამოვიდა, დიოგუ ფან დერ ტორნი მოლის განზრახ ჩაქცევისთვის სინბინით დაისაჯა. ეს 62-ე წუთზე მოხდა, საქართველოს ნაკრებმა შერკინება ირჩია, გიორგი ბეგაძემ ბურთი კარგად გაიტანა, ლაშა მალაღურაძემ და კვირკაშვილმა ის მარცხენა კიდესთან თოდუამდე მიიტანეს, რომელიც ორ მბოჭავს დაუსხლტა და ვარდნაში ოფლოუდი მერაბ შარიქაძეს გაუხერხა, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ მეოთხე, პრემიალური ლელო გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვა შეასრულა.

შარიქაძესთვის საქართველოს ნაკრების მაისურით 20-მატჩიანი და ორწლიანი ულელოო სერია დასრულდა და იმედია, ის ძველებურად შედეგიანი გახდება. აქამდე მას ბოლო ლელო 2014 წლის პირველ თებერვალს, ბელგიასთან ჰქონდა გატანილი.

დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ერთი ის იყო, რომ ქართველებმა მატჩის დასრულებულად 3 წუთით ადრე ჩათვალეს და აშშ-სთან რუსთავში გამართული შეხვედრის მსგავსად ბურთი კიდეზე გაგზავნეს. შედეგად, პორტუგალიამ პრესტიჟის ლელოს გასატანად გაიბრძოლა, მაგრამ ქართველებმა თავი დაიცვეს და ლისაბონში სარეკორდო სხვაობით მოგება გაიფორმეს - 29:3.

დღეს ერთა თასის ორ სხვა მატჩში რუსეთმა გერმანია სოჭში 46:20 დაამარცხა, ხოლო ესპანეთმა მადრიდში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 18:21 დამარცხდა. ამ შეხვედრების ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. მეორე რაუნდი

პორტუგალია. ლისაბონი.

პორტუგალია - საქართველო 3:29 (3:15)

პორტუგალია: 15. პედრუ ბეტენკური, 14. ნუნუ სოუზა-გედეში, 13. ჟოზე მარია ვარეტა, 12. მანუელ ვილელა, 11. ტომაზ ნურუნია, 10. ტომაზ აპლეტონი, 9. ფრენსისკუ მაგალიაი; 1. ბრუნუ მედეირუში, 2. დუარტე დინიზი, 3. ბრუნუ როშა, 4. ლუიშ სერკინიუ, 5. გონსალუ უვა, 6. მაშიმ ვაზი, 7. მიგელ მასედუ, 8. ლუიშ პურტელა.

სათადარიგოები: 16. ჟოზე კონდე, 17. მაიკ ტაჯერი, 18. ვოლოდიმირ გრიხი, 19. სალვადორ ვასალუ, 20. დიოგუ ფან დერ ტორნი; 21. ნუნუ ბეტენკური, 22. ფრენსისკუ აპლეტონი, 23. ფრენსისკუ დომინგეში.

მწვრთნელი: იენ სმიტი (შოტლანდია)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. გიორგი აფციაური 68), 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 56), 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 58); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 53), 2. შალვა მამუკაშვილი (16. ზურაბ ჟვანია 21), 3. დუდუ ქუბრიაშვილი (18. ანტონ ფეიქრიშვილი 53), 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე (19. ვახტანგ მაისურაძე 53), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი (ფეიქრიშვილი 14-22; 20. ბექა გორგაძე 59), 8. ლაშა ლომიძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

4 ლელო: თხილაიშვილი, კვირიკაშვილი, ჟვანია, შარიქაძე

3 გარდასახვა: კვირიკაშვილი

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

სინბინი: ქუბრიაშვილი

რეფერი: იენ დევისი (უელსი)

რუსეთი - გერმანია 46:20

ესპანეთი - რუმინეთი 18:21

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცხრილი

საქართველო 2 2 0 0 88-10 10

რუსეთი 2 2 0 0 68-40 9

რუმინეთი 2 2 0 0 60-32 9

ესპანეთი 2 0 0 2 38-43 2

პორტუგალია 2 0 0 2 17-68 0

გერმანია 2 0 0 2 27-105 0

2015/2016 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯამური ცხრილი

1.

საქართველო

7

7

0

0

246:52

31

2.

რუმინეთი

7

5

0

2

162:93

24

3.

რუსეთი

7

5

0

2

171:159

22

4.

ესპანეთი

7

3

0

4

169:142

16

5.

პორტუგალია

7

1

0

6

69:168

5

6.

გერმანია

7

0

0

7

88:291

1

მესამე რაუნდი. 27 თებერვალი

საქართველო - ესპანეთი

რუმინეთი - რუსეთი

გერმანია - პორტუგალია

0.24723