ფეხბურთი

16:03 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ხუციშვილი: “ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრა: ნებისმიერი სხვა შედეგი უარყოფითად ჩაითვლება”

თბილისის “დინამომ” მშვენიერი შედეგი აჩვენა თურქულ შეკრებაზე, თან თამაშის ხარისხიც კარგი იყო და ვერავინ იტყოდა, რომ მხოლოდ ემოციაზე, ან შემთხვევითობაზე აგებული გამარჯვებები მიითვალეს. მოკლედ, სლოვაკმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა კარგად დაიწყო, გია გეგუჩაძეს ჯერჯერობით ღირსეულად ცვლის. შემდეგ რა იქნება, ეს გამოჩნდება.

“მსოფლიო სპორტი” თბილისის “დინამოს” დირექტორს, მიხეილ ხუციშვილს ესაუბრა. ამ ზამთარს კლუბში ბევრი სიახლე მოხდა და თავად ხუციშვილიც ორიოდე თვის წინ დაინიშნა პოსტზე:

- “დინამო” ამ ზამთრის შესვენებაზე უკვე დაკომპლექტდა თუ კიდევ იქნება ცვლილებები?

- ერთი, ან ორი პოზიციის გაძლიერება იგეგმება. გვაქვს მოლაპარაკებები და ვნახოთ. თუ წარმატებით ვერ დასრულდება, მაშინ მაისისთვის გადავდებთ. ყველა ვარიანტში, ევროტურნირებს სრულად მომზადებულები უნდა შვხვდეთ და არა – ფორსმაჟორში.

- უცხოელი ფეხბურთელების დამატებას აპირებთ? გვარებს ხომ ვერ გაგვიმხელთ?

- დიახ, უცხოელებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ გვარებს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ.

- და რომელიმე დინამოელის გაშვება ხომ არ იგეგმება? ან თუ გქონდათ კონკრეტული წინადადებები რომელიმე ფეხბურთელზე?

- რამდენიმეს გვარი გაჟღერდა, თუმცა კონკრეტული წინადადებები არ მიგვიღია. მხოლოდ ინტერესის დონეზე იყო. ამ ეტაპზე რომელიმე ფეხბურთლის გაშვებაზე არ ვფიქრობთ, ზაფხულში კი, თუ კარგი შემოთავაზებები იქნება და თუ ფეხბურთელიც წასვლის სურვილს გამოთქვამს, მაშინ გავყიდით. ჯერჯერობით, “დინამო” სრული შემადგენლობითაა და პირიქით, შესაძლოა, კიდევ დავიმატოთ ერთი, ან ორი ფეხბურთელი. თუ არადა, მაისამდე მოვიცდით.

- ოთარ კაკაბაძისა და უჩა ლობჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- კაკაბაძე “გაგრასთან” დაშავდა და სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს. ლობჟანიძეს კი მიკროტრავმა აქვს.

- იმედი გვქონდეს, რომ “დინამო” ევროტურნირებზე კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება?

- მიზანიც სწორედ ესაა. რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოს ჩემპიონები უნდა გავხდეთ, მერე კი, ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა მოვხვდეთ. სხვა ნებისმიერი შედეგი უარყოფითად ჩაითვლება.

- იარაბეკი თქვენი კავშირებით დაინიშნა “დინამოში”?

- სამი ვარიანტი გვქონდა და საბოლოოდ, იარაბეკზე შევაჩერეთ არჩევანი. ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ მე არ მიმუშავია. ვიცოდი, რომ იარაბეკი ტრნავას “სპარტაკში” იმ დროს მუშაობდა, როცა “ზესტაფონში” ვიყავი. მაშინ დაგვამარცხეს და თან, საკმაოდ კარგი, გამართული გუნდი ჰყავდათ სლოვაკებს. სამივე კანდიდატს ვესაუბრეთ და იარაბეკი იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ თავისი საფეხბურთო ხედვით, თავისი ფინანსური მოთხოვნებითაც მისაღები აღმოჩნდა. ისე, ფორსმაჟორულად მოგვიწია მწვრთნელის დანიშვნა, ჩვენ გეგუჩაძითაც დიდად კმაყოფილნი ვიყავით და როცა ის წავიდა, სწრაფად უნდა მოგვეძებნა შემცვლელი. კარგია, რომ იარაბეკი ამართლებს. მართალია, ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩები იყო, მაგრამ გუნდი წინ მიდის, ეს ეტყობა.

- იარაბეკის გარდა, კიდევ ვინ იყვნენ კანდიდატები?

- ახლა აზრი აღარ აქვს დასახელებას, მაგრამ გეტყვით, რომ ერთი უკრაინელი იყო, მეორე კი – გერმანელი.

- “ზესტაფონი” ახსენეთ და იქ რამდენიმე წელი იმუშავეთ. ალბათ, გული გწყდებათ, რომ კლუბი ჩემპიონატში არ თამაშობს?

- ძალიან მწყდება გული თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ 4 წელი ვიმუშავე იქ და ბევრი რამ ვისწავლე. როგორც ფუნქციონერი, სწორედ “ზესტაფონში” ჩამოვყალიბდი პროფესიონალად. იმედია, ეს პრობლემები მოგვარდება და “ზესტაფონი” დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს. რაც უფრო მეტი მოწესრიგებული კლუბი და რაც მეტი კარგი სტადიონი იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ჩემპიონატისთვის.

- “დინამოს” აკადემიასაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს: ბულგარელი ვესელინ ბრანიმიროვი. რაზე დაყრდნობით შეარჩიეთ ეს სპეციალისტი?

- წინამორბედი ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი ლუკ ნაიჰოლტი ჩინეთის უმაღლესი ლიგის გუნდში მიიწვიეს და მისი შემცვლელი უნდა მოგვეძებნა. საბოლოოდ ორ კანდიდატზე შევჩერდით: ბულგარელზე და ესპანელზე. ორივენი უკრაინაში მუშაობდნენ. გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ ბრანიმიროვი ახლოს დგას ჩვენს მენტალიტეტთან, უფრო ახლოს დგას ჩვენს საფეხბურთო ხედვასთან და ამასთან, რუსულ ენასაც კარგად ფლობს. კიდევ ერთი ფაქტორი: ბულგარეთშიც ახალი თაობის განვითარების პროცესი მიმდინარეობს, ისევე როგორც ჩვენთან.

- დუბლებსა და ჭაბუკთა ლიგაში მწვრთნელთა გადაადგილება მოხდა...

- “დინამოს” დუბლების მწვრთნელი თამაზ სამხარაძე იურაი იარაბეკის თანაშემწე გახდა, ხოლო სამხარაძის ადგილზე დავით ჭიჭვეიშვილი დავაწინაურეთ. დუბლების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ისევ გიორგი ონიანია.

- “დინამოს” აკადემია მშვენიერია და პერსპექტიული ბავშვები თუ ჭაბუკები მრავლად გყავთ. ინფრასტრუქტურის მხრივ კიდევ ხომ არ იგეგმება რაიმე?

- კონკრეტულად აკადემიაში არ იგეგმება, რადგან “დინამოს” აკადემია ინფრასტრუქტურის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. სიახლე სკოლას უკავშირდება, 15 თებერვლიდან ისევ გაიხსნება. ამ ეტაპზე 80 ბავშვი შევარჩიეთ, სკოლა იქნება ექვსიდან თორმეტ წლამდე ბავშვებისთვის. სულ 200 ბავშვზეა გათვლილი, მაგრამ ჯერ 80-ით დავიწყებთ. მაისში კიდევ უფრო მეტნი იქნებიან “დინამოს” სკოლაში.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მალე ფეხბურთის განვითარების პროგრამას წარმოადგენს და ყველას შეგვეძლება გავიგოთ, თუ რა თანხა რას მოხმარდება. რას იტყვით ამის შესახებ?

- უდავოდ დიდი საქმეა და კარგია, რომ ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, ეს პროგრამა უკვე მზადაა, დამტკიცებულია და მალე ამოქმედდება. ჯერ არ გავცნობილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი სასიკეთო ძვრა უნდა მოხდეს.

- ბოლოს ალექსანდრე იაშვილზე. მან განაცხადა, რომ ზაფხულში ევროტურნირებზე აღარ ითამაშებს. ხომ არ გისაუბრიათ მასთან, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა?

- იაშვილი რა დონის ფეხბურთელია და როგორი პიროვნებაა, ყველამ იცის. ძალიან კმაყოფილნი ვართ მისით, მაგრამ თქვენ რაც მკითხეთ, მაგ თემაზე ჯერ არ გვისაუბრია.

0.101925