მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალიისა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებები 24 მარტს, იტალიის ქალაქ უდინეში, “სტადიო ფრიულიზე” ისპარინგებენ. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გვამცნობს. ეს გუნდები მარტის ბოლოს რომ ისპარინგებდნენ, ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ თუ რომელი ქალაქი უმასპინძლებდა თამაშს, აქამდე უცნობი გახლდათ.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში უდინეს გარდა, რეჯიო ემილიას “მაპეი სთედიუმისა” და ტურინის “იუვენტუს სთედიუმის” ვარიანტებიც განიხილებოდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ უდინეზე შეაჩერეს.
აქამდე იტალიის ნაკრებს “ფრიულიზე” 6-ჯერ უთამაშია და მათგან ხუთი თამაში მოგიო, ერთში კი, ფრე ითამაშა. სხვათა შორის, 2008 წელს “სკუადრა აძურამ” უდინეში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღო და დანიელე დე როსის დუბლით დაამარცხა. თუმცა, მას შემდგომ “ფრიულის” რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახლა სხვა იერი აქვს.