ფეხბურთი

11:00 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის პირველი სერიოზული გამოცდა და ბრძოლა გადარჩენისთვის “მესტალიაზე”

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართი დაპირისპირება იწვევს, სადაც ადგილობრივი “რეალი” “ბილბაოს” დაუხვდება.

19:00 რეალი – ბილბაო

მას შემდეგ,რაც “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, კლუბმა შინ სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა გამანადგურებელი სხვაობით მოიგო (“დეპორტივოსთან” 5:0, “ხიხონთან” 5:1 და “ესპანიოლითან” 6:0). თუმცა, ჯერჯერობით ზიდანს “ბილბაოს” დონის გუნდის წინააღმდეგ შეხვედრა არ ჰქონია და ხვალ მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი სერიოზული გამოცდა იქნება.

მადრიდული გრანდი საკუთარ მოედანზე “ბილბაოს” წინააღმდეგ შესანიშნავად ირჯება და “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული ბოლო 11 მატჩი მოგებული აქვს (ამ მატჩებში “რეალმა” 42 გაიტანა და მხოლოდ 9 გაუშვა). “ბილბაომ” ბოლოს მადრიდში “რეალის” დამარცხება 2005 წლის 19 თებერვალს მოახერხა (2:0).

მიმდინარე სეზონში “რეალს” ლა ლიგაში ყველაზე მეტი 66 ბურთი აქვს გატანილი და აქედან 45 გოლი (12 მატჩში) “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოდის. ანუ, “ბლანკოსს” საკუთარ მოედანზე საშუალოდ თითქმის 4 ბურთი გააქვს.

აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, “ბილბაოს” ძალიან გაუჭირდება, თუმცა ბასკურ კლუბს სიურპრიზების შემოთავაზება ყოველთვის შეუძლია და ამაში არაერთხელ დავურწმუნებივართ.

“რეალს” ტრავმების გამო გარეტ ბეილი, მარსელო და პეპე არ ეყოლება.

“ბილბაომ” სეზონი საშინლად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება და ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება. ბასკურ კლუბს გასვლაზე ძლიერ კლუბებთან თამაში საკმაოდ უჭირს და წელს “ბარსელონასთან”, “სევილიასთან”, “ვილიარეალთან” და “ატლეტიკოსთან”აქვს წაგებული.

ერნესტო ვალვერდეს შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს. მიკელ სან ხოსე და ინიაკი უილიამსი დისკვალიფიცირებულნი არიან, ხოლო იბაი გომესსა და რაულ გარსიას ტრავმები აწუხებთ.

პირველ წრეში “რეალმა” “სან მამესზე” 2:1 დაამარცხა “ბილბაო”.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, რამოსი, ნაჩო, კარვახალი, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ხამესი, ბეილი, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბოვედა, ბალენსიაგა, მ.რიკო, იტურასპე, მერინიო, ბენიატი, დე მარკოსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

23:30 ვალენსია – ესპანიოლი

აღნიშნული შეხვედრა უმნიშვნელოვანესია ორივე კლუბის მთავარი მწვრთნელისთვის, რადგანაც შესაძლოა კიდევ ერთი წარუმატებლობა ხელმძღვანელობამ აღარ მოითმინოს და მათ კარისკენ მიუთითოს.

უკვე 9 მატჩია, რაც გარი ნევილი “ვალენსიას” უძღვება, თუმცა ლა ლიგაში მოგების გემო კვლავ არ გაუსინჯავს (5 ფრე და 4 წაგება), ხოლო ჯამში “ვალენსიას” ჩემპიონატში უკვე 12 მატჩია არ მოუგია და თუ დღესაც ვერ მოიგებს, საკუთარ ანტირეკორდს გაიმეორდებს, რომელიც 1986 წელს დააფიქსირა.

ყველა ტურნირის ჩათვლით კი, ნევილის ხელმძღვანელობით “ღამურებმა” 17 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 4 მოიგეს, 7 ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს.

ცუდი შედეგები აქვს კონსტანტინ გალსასაც, რომელიც “ესპანიოლს” გასული წლის 14 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ გამართული 11 მატჩიდან “თუთიყუშებმა” 7 წააგეს, ხოლო ორ-ორ შეხვედრაში იმარჯვეს და ფრედ ითამაშეს.

“ესპანიოლმა” გასული ორი ტური სამარცხვინოდ ჩაატარა: ჯერ გასვლაზე 0:6 წააგო “რეალთან”, ხოლო შემდეგ საკუთარ კედლებში 5 უპასუხო ბურთი მიიღო “სოსიედადისგან”.

შესაბამისად, კატალონიური კლუბი 22 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს. იქვე ტრიალებს “ვალენსიაც”, რომელსაც 25 ქულა აქვს, მე-14 საფეხურზეა და საშიშ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა მოშორებული.

მასპინძლები დისკვალიფიკაციის გამო შკოდრან მუსტაფის, ხოსე ლუის გაიასა და ანდრე გომეშს მოისაკლისებენ. დიეგო ალვეში, გილერმე სიკეირა და ხავი ფუეგო ტრავმირებულნი არიან, ხოლო ენცო პერესისა და პაკო ალკასერის თამაში საეჭვოა.

რაც შეეხება სტუმართა დანაკლისს, მათ ვიქტორ სანჩესი და არბილია არ ჰყავთ მწყობრში.

პირველ წრეში “ესპანიოლმა” “ვალენსია” 1:0 დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-3-3): რაიანი, სანტოსი, აბდენური, კანსელო, ბარაგანი, ბარბოსა, ე.პერესი, პარეხო, ჩერიშევი, ფეგული, ნეგრედო.
მწვრთნელი: გარი ნევილი

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ალვარო, ო.დუარტე, ხ.ლოპესი, როკო, დიოპი, ხორდანი, ვ.ალვარესი, ხ.მორენო, ასენსიო, კაისედო.
მწვრთნელი: კონსტანტინ გალსა

მსაჯი: დელ სერო გრენდე

აღნიშნული შეხვედრების გარდა, დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება ლა ლიგაში. მე-4 ადგილოსანი “ვილიარეალი” შინ ფერზე მოსულ “მალაგას” მიიღებს და ეცდება, რომ ოთხეულში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს, ხოლო დღის დასკვნით მატჩში “დეპორტივო” “რიასორზე” “ბეტისს” დაუხვდება.

თეგებილა ლიგა
0.128626