ფეხბურთი

18:32 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

იუბილე მხარზე სპეციალური სახვევით

სანდრო კობახიძე დღეს 29 წლის გახდა. 19 წლისა იყო, თბილისის “დინამოს” ძირითად გუნდში რომ გამოჩნდა და ყურადღება მიიქცია. პერიოდი, როცა კობახიძე “დინამოში” მშვენივრად ათამაშდა და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა გახდა, კახა კაჭარავას მწვრთნელობისას იყო. კაჭარავა მას ენდო, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდებს, მათ შორის გურამ კაშიასაც.

სანდრო უკონფლიქტო და შრომისმოყვარეა. არ გვახსენდება, მას რომელიმე მწვრთნელზე აუგი ეთქვას ჟურნალისტებთან, თუმცა ისიც ნამდვილად ვიცი, რომ ბევრი რამ არ მოსწონდა.

მისი თაობა განსაკუთრებულად რთულ პირობებში გაიზარდა. ფეხბურთზე იმ დროს შევიდნენ და სიჭაბუკის წლებამდე ისე მივიდნენ, როცა დენიც სანატრელი ჰქონდათ და გაზიც. ადვილი არაა, ვარჯიშიდან ხალხით დატვირთული ტრანსპორტით იმგზავრო, სახლში მიხვიდე და იქ ვერ თბებოდე, შუქს ვერ ხედავდე. ვისაც გამოუცდია, მან უკეთ იცის, რამხელა სიძნელეებს უკავშირდებოდა ფეხბურთელად გაზრდა.

...კობახიძეში “დნიპრომ” თავის დროზე 800 000 დოლარი გადაუხადა “დინამოს” და ფეხბურთელს თავიდანვე რომ ვერ აეწყო უკრაინული კარიერა, ამაში გასაკვირი არაფერია: უმეტეს შემთხვევაში ქართველებს ასე ემართებათ. თითქოს სადღაც გაქრა სანდრო, თამაში არ უწევდა, ანათხოვრებდნენ უკრაინულ საშუალო გუნდებში და იქაც ვერ ბრწყინავდა.

ხუთი წლის წინ თითქოს ხელახლა დაიბადაო, კიევის “არსენალში” უცებ ძალიან მაგრად ათამაშდა და თემურ ქეცბაიამაც ნაკრებში გამოიძახა, რაც პირველ თუ არა, მეორე სანაკრებო მატჩში გოლით აღნიშნა (მოლდოვასთან თავურით). შემდეგ, ქეცბაიას პერიოდშივე იყო თამაშები, როცა სანდრო საუკეთესო იყო, მაგალითად, საფრანგეთთან გასვლაზე 1:3 წაგებული, როცა გოლიც გაიტანა და მომენტებიც შექმნა. თან, ეს ხდებოდა იმ დროს, როცა “დნიპროში” სათამაშო პრაქტიკას მოკლებული იყო.

კარგი ცაცია აქვს და შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგელ შემტევად თამაში, თუმცა კახა ცხადაძემ რამდენჯერმე ცენტრშიც დააყენა, საყრდენ ნახევარმცველად. ეს იმიტომ, რომ კობახიძე სხვა ქართველ შემტევებზე უფრო მუშა და ბრძოლისუნარიანია, შავი სამუშაო ეხერხება. ამიტომაც იყო, რომ ინსაიდებად ცხადაძეს ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ჰყავდა, სანდრო კი ან მათ შემცვლელად, ან ცენტრში ესახებოდა.

მის კარიერას ძალიან აკლია დასავლეთევროპული კლუბი. უკრაინას ვერ გასცდა, არადა ჰქონდა ვარიანტები ჯერ არნემის “ვიტესისა”, მერე თურქული “ქასიმფაშასი”, ეგაა, ტრანსფერი ბოლომდე ვერ მივიდა.

მისი ბოლოდროინდელი საკლუბო ამბები გეცოდინებათ, “ვოლინში” ლიდერი იყო, მაგრამ “დნიპროს” ეკუთვნოდა და დაიბრუნეს. სამწუხაროდ, ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი უცდება – მხარი ამოიგდო და თბილისში ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილთან მკურნალობს. ახლა სპეციალური სახვევით შეხვდა თავის დაბადების დღეს.

“იოლად მოსარჩენი ტრავმა არაა, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. კვირას სახვევს მოვიხსნი და შემდეგ ერთი-ორი კვირა დამჭირდება დრო, სანამ ვარჯიშს დავიწყებ” – გვითხრა კობახიძემ.

0.141847