კალათბურთი

14:17 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაბორალ კუჩა” შენგელიას გარეშე ითამაშებს

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათიდან თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ ტურში გერმანულ “ბროზე ბასკეტს” დაუხვდება, თუმცა, ქართველ კალათბურთელს მოედანზე ისევ ვერ ვიხილავთ. თოკოს მუხლის ტრავმა აწუხებს და სავარაუდოა, რომ გუნდის განაცხადში არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში “ლაბორალ კუჩა” ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ბასკურმა კლუბმა ევროლიგაში ზედიზედ აჯობა გრანდებს – მოსკოვის ცსკა-ს, “ბარსელონას” და მადრიდის “რეალს”, ესპანეთის ჩემპიონატში კი, “ვალენსიას” სეზონში პირველი მარცხი აგემა.

“ლაბორალ კუჩა” “ბროზე ბასკეტსს” 2006 წლიდან მოყოლებული პირველად ეთამაშება და ცხადია, ამ მატჩშიც ფავორიტად მიიჩნევა. შენგელიას არყოფნაში, წინა ხაზის ლიდერ იოანის ბურუსისს, ილიმანე დიოპი, კიმ ტილი და ტრავმამოშუშებული ლატვიელი დავის ბერტანსი შეეშველებიან.

ბასკურ კლუბს ტოპ-16-ის F ჯგუფში 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და ცსკა-სთან და “ხიმკისთან” ერთად, პირველ-მესამე პოზიციებს იყოფს, “ბროზე ბასკეტსი” კი სამ-სამი მოგება-წაგებით მე-4 პოზიციაზეა.

0.12427