ფეხბურთი

1:31 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: “ფეხბურთში მთავარი საკუთარი თავის რწმენაა”

თურქული შეკრების მეთერთმეტე დღეს, ვეტერანმა დინამოელმა ალექსანდრე იაშვილმა დრო ჩვენთან სასაუბროდაც გამონახა. “დინამო” ბელეკში შეკრებას 30 იანვრიდან გადის და სამი სპარინგი უკვე ჩაატარა. კარიერაში ბოლო შეკრება, ახალი მწვრთნელი და გუნდის განწყობა ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე, საუბრის მთავარი თემებია.

თურქულ შეკრებაზე

ეს შეკრება, როგორც მოქმედი ფეხბურთელისთვის, ჩემი გადაწყვეტილებით ბოლოა. აქედან გამომდინარე, ორმაგად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, სრულფასოვანი შეკრების გარეშე, სერიოზულ შედეგზე ფიქრი წარმოუდგენელია. აქ, ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას. ჩვენთან ყველა პირობა სავარჯიშოდან დაწყებული, მოსასვენებლით დამთავრებული – იდეალურია.

ახალ მწვრთნელზე

პირველ რიგში აღსანიშნავია ის საფუძვლიანი სამუშაო, რაც გია გეგუჩაძემ ჩაატარა. “დინამოსთვის” არ იყო იოლი მასთან დაშორება, მაგრამ დაუთმო მას სანაკრებო არეალი. ჩემი მხრიდან წარმატებებს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. ბუნებრივია, ცვლილებები ხდება და ეს ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, მას უნდა თავისი თამაშის ჩვენება. ამისთვის, რა თქმა უნდა, დროც სჭირდება, თუმცა თავიდანვე ჩანს, რომ საკმაოდ საინტერესო სამუშაო პროცესი აქვს. ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელურია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. ითხოვს აგრესიულ და სწრაფ თამაშს, ეს ფილოსოფია კი ემთხვევა ჩვენსას და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა.

სპარინგები შეკრებაზე

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია კარგი და ძლიერი სპარინგების ჩატარება, რათა დაინახო საკუთარი ძალები და შესაძლებლობები, დადებითი და უარყოფითი მხარეები. სამივე გუნდი ვისაც უკვე შევხვდით, საკმაოდ საინტერესო და ძლიერი პარტნიორი გამოდგა. მომავალი ორი მეტოქეც სოლიდური გუნდია. ფეხბურთში მთავარი საკუთარი თავის რწმენაა. გჯეროდეს, რომ დაამარცხებ მეტოქეს და არ ჩამოუვარდები არც ერთ ოპონენტს. სპარინგებით არ ღირს საბოლოო შეფასების გამოტანა, თუმცა, აუცილებელია სწორი ანალიზის გაკეთება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის.

ახალწვეულები, გარემო და მიზნები

“დინამომ” ნაკრების სამი მოქმედი ფეხბურთელი დაიმატა, რომლებიც წლების მანძილზე სხვადასხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდნენ. ასევე დავიმატეთ გამოცდილი და არც თუ შორეულ წარსულში წარმატებული ესპანელი დინამოელი. ეს, რა თქმა, უნდა კონკურენციას ამაღლებს, რაც ასევე აუცილებელია. წარმოუდგენელია სხვაგვარად ფეხბურთელის განვითარება, თუ ზურგსუკან სუნთქვას არ გრძნობს. გარემო კლუბში შეიძლება ითქვას იდეალური, პროფესიონალური და მეგობრულია. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, “დინამოს” მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – გამარჯვება და ტიტულების მოპოვება, ევროარენაზე კი წარმატებით გამოსვლა და გულშემატკივრის გახარება.

www.fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113636