"ბორჯღალოსნები’’ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს 13 თებერვალს, საქართველოს დროით 18:30 საათზე, ლისაბონში, ისტორიაში მეოცედ დაუპირისპირდებიან. მომავალი შეხვედრის წინ, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს განვლილი ბატალიებისთვის თვალის გადავლება.
დღეს რაგბის ქართველი გულშემატკივარი საყვარელი გუნდისგან პორტუგალიის უპირობო დამარცხებას ითხოვს და ეს ლოგიკურიცაა - ქართული რაგბი „ლობუშთან“ შედარებით ძალიან წინ წავიდა, მაგრამ ამით „მგლებს“ დამსახურება არ უნდა დავუკარგოთ და მეტოქეს განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მივუდგეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსა და რუმინეთის შემდეგ, ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ერთა თასი) მოიგო; იმავე რუმინელების შემდეგ, ერთა თასის მეტოქეებთან „ბორჯღალოსნებმა“ ყველაზე მეტი მარცხი სწორედ პორტუგალიისგან იწვნიეს (4) და ისტორიაში ყველაზე მეტი - 2 ფრეც ამ გუნდთან დაგვიგროვდა; მეტოქეების ახალგაზრდული ნაკრებების შედეგებს თუ გადავხედავთ, რუმინეთი, რუსეთი და ესპანეთი არსად ჩანან, პორტუგალია კი, რეგულარულად თამაშობდა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში და 2015 წელს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის „ალაფაზეც“ ითამაშეს. მოკლედ, დანარჩენებთან შედარებით, პორტუგალიაში რაგბის განვითარება გეგმაზომიერად და სტაბილურად მიმდინარეობს, რის გამოც მოთამაშეთა ნატურალიზება არ უწევს და ფონს საკუთარი კადრებით გადის.
საქართველოსა და პორტუგალიის გზები პირველად 1997 წელს, ერთა თასის წინამორბედ ფირა-ს ტურნირზე გადაიკვეთა და დაძაბული ბრძოლა პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა (21:17). 2000 წლიდან ფირა-მ (ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაცია, ამჟამინდელი რაგბი ევროპა) საკუთარი ტურნირის ფორმატი შეცვალა, ერთა თასი დააარსა და მას შემდეგ „ბორჯღალოსნებისა“ და „ლობუშის“ ყოველწლიური დაპირისპირება რეგულარული გახდა. 2000 წელს პორტუგალია საქართველოს, რუმინეთის, ესპანეთის, მაროკოსა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად, პირველ ჯგუფში მოხვდა და მას შემდეგ ერთა თასიდან ერთხელაც არ დაქვეითებულა.
ერთა თასის ეგიდით „ბორჯღალოსნებს“ პირველი ბრძოლა სწორედ პორტუგალიასთან, 16 წლის წინ, 6 თებერვალს ჰქონდათ და შესვენებამდე ლელო არ გასულა, მერე კი, ქართველებმა ერთბაშად სამი ლელო გაიტანეს და 15 ქულით დაწინაურდნენ. მერე მასპინძლებმა იმძლავრეს, რეფერიმ მათ სასარგებლოდ ჯარიმები არ დაიშურა და ბოლოსკენ პორტუგალია 3 ქულით დაწინაურდა. კრიტიკულ მომენტში ლევან ცაბაძემ წუთელ ზოლში ჯარიმა გაითამაშა, თანაგუნდელთა დახმარებით ქართველთა მეოთხე ლელო გაიტანა და საქართველომ 32:30 იმარჯვა.
მომდევნო წელს პორტუგალია პირველად გვეწვია თბილისში და სუსხიან ამინდში საქართველოს ნაკრებმა 36:12 იმარჯვა, მაგრამ გამარჯვება იოლი არ ყოფილა. სტუმრები ხელდახელ ბურთაობით ცდილობდნენ ფონს გასვლას და ქართველებმაც მეტოქე ფორვარდებით დაიბრიყვეს. შერკინებით გატანილ ლელოს „მგლებმა“ არეკნით და ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ მერე ილია ზედგინიძემ და ირაკლი აბუსერიძემ გაიტანეს ლელოები და ანგარიში 17:9 გახდა. სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს და 55-ე წუთზე კიდევ რომ ეხეირათ, სხვაობა 2 ქულამდე დავიდოდა, მაგრამ გაგვიმართლა და მასპინძლებმაც აიწყვიტეს. თედო ზიბზიბაძემ 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, მერე მეტოქის ჩათვლის მოედანში დავით ბოლღაშვილი შევიდა, ხოლო სულ ბოლოს ზიბზიბაძემ დუბლი შეასრულა. ეს ნაკრების 13-წლიან ისტორიაში (39 მატჩი) მე-100 სანიშანსვეტო ლელო იყო.
ტრადიცია მომდევნო წელს, ლისაბონშიც გაგრძელდა, მაგრამ გამარჯვება კვლავ დიდი ბრძოლის ფასად დადგა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში პირქარში ორი ლელო გაიტანეს და მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე 11 ქულას იგებდნენ, მაგრამ მერე „ბორჯღალოსნებმა“ ბურთაობა ააწყეს და აქვსენტი გიორგაძის დუბლის შემდეგ, საქართველო 1 ქულით დაწინაურდა. მერე რეფერიმ ზედიზედ ორი ქართველი გაასინბინა, მაგრამ პორტუგალიელებს გასატანი ჯარიმა გაუცუდდათ. პასუხად ქართველებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და 4 ქულით დაწინაურდნენ, ბოლოს მეტოქის სალელოვე შეტევა მოიგერიეს და თამაში 27:23 დასრულდა.
ამას სამწლიანი ჩავარდნა მოყვა და მეტოქემაც ზედიზედ იზეიმა გამარჯვებები - ორჯერ 4 და ერთხელ 5-ქულიანი სხვეობით. 2003 წელს, ლისანობში, მეტოქეს ოთხი ლელო გავუტანეთ, მეხუთეზე მსაჯმა ტელე-რეფერი მოითხოვა და რადგან ის არ იყო, ლელო გააუქმა, არადა, ამ დროს „ბორჯღალოსანთა“ უპირატესობა 6 ქულა იყო და მისი ლელოთი გაზრდა მასპინძლებს საბოლოოდ გატეხდა. 80 წუთი რომ მიილია საქართველო 30:27 იგებდა, თუმცა, ბოლოს ლელო გაუშვა და 30:34 დამარცხდა. 2004 წელს რევანში არ შედგა. თბილისში 15 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა, მაგრამ ქართველებმა გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომები დაუშვეს და პორტუგალია სამხრეთ აფრიკისა და რუმინეთის ნაკრების შემდეგ, გახდა მესამე გუნდი, რომელმაც თბილისში მოგვიგო - 14:19. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ „ბორჯღალოსნები“ თბილისში ერთა თასის ეგიდით გამართულ მატჩებში აღარ დამარცხებულან და მთლიანობაში, ნაკრების წაუგებელი საშინაო ტესტ-მატჩების („ბარბაროსებთან“ მატჩის გამოკლებით) სერია 2012 წლამდე გაგრძელდა - მერე ის იაპონიამ დაარღვია. 2003/2004 წლების ერთა თასი პორტუგალიამ მოიგო და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართველთა და რუმინელთა დავაში სხვა გუნდი ჩაერია.
2005 წელს პორტუგალიასთან ზედიზედ მესამედ და ბოლოჯერ დავმარცხდით. თამაში ლისაბონში გაიმართა და მისი ბედი მეტოქის სასარგებლოდ კვლავ ბოლოში გადაწყდა - 14:18. მატჩის მსვლელობისას ატყდა ჩხუბი, პორტუგალია საათის თავზე იგებდა, მაგრამ მერე ქართველებმა შეძლეს დაწინაურება, თუმცა, დამატებულ წუთებზე ლელო თავადაც მიიღეს. 2006 წელს „ეროვნულზე“ ღირსეული რევანში შედგა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს ხუთი უპასუხო ლელო უსახსოვრეს, სამი წლის დაგროვილი ჯავრი ერთიანად ამოიღეს და „ლობუში“ აქამდე არნახული და სარეკორდო სხვაობით, 40:0 გაანადგურეს.
2005/2006 წლების ერთა თასი, 2007 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიც იყო, „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულეს და საფრანგეთის საგზურისთვის იმავე პორტუგალიასთან მოუწიათ თამაში. ამრიგად, 2006 წელს „მგლებთან“ სამი ჯახი გაიმართა, მაგრამ მომდევნო ორი, პირველის დარად იოლი სულაც არ გამოდგა. ნოემბრის პირველ მატჩში მეტოქეს „ბორის პაიჭაძეზე“ დავუხვდით და რადგან ბილეთის ფასი ჩვეულებრივზე ბევრად მეტი იყო, თამაშმა მაყურებელი მოისაკლისა. დაძაბულობის ფონზე უპირატესობის სათანადოდ გამოყენება ვერ მოხერხდა, პორტუგალიას ლელოს გატანის შანსი ერთხელ არ მიეცა, მაგრამ ჩვენც მხოლოდ ორჯერ ვიხეირეთ (ხინჩაგიშვილი, ხამაშურიძე) და ორი კვირის თავზე ლისაბონს მხოლოდ 14-ქულიანი ფორით ვეწვიეთ - 17:3. საპასუხო მატჩიც დაძაბული გამოდგა, პორტუგალია ერთხელაც არ დაწინაურებულა, მაგრამ ყველა ჯერზე შეძლო წონასწორობის აღდგენა. ჩვენებურთაგან ერთადერთი ლელო გია ლაბაძემ გაიტანა, შეხვედრა 11:11 დასრულდა და საქართველო ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო თასზე, ხოლო პორტუგალია საფრანგეთში შორი გზით, რეპეშაჯის გავლით მაინც მოხვდა.
2007 წელს პორტუგალიასთან მატჩი ორგზის გადაიდო და სამაგიეროდ, მას 2008-ში ორჯერ ვეთამაშეთ. სეზონი სწორედ „ლობუშთან“ მატჩით გაიხსნა, 2 თებერვალს თიმ ლეინს გუნდში დებიუტი ჰქონდა და საქართველომაც ლამაზ სტილში, 31:3 იმარჯვა. თვის ბოლოს მეტოქეს უკვე ლისაბონში ვეწვიეთ, სადაც თამაში ყოველთვის ჭირდა. ატალახებულ მოედანზე ბურთაობა გაჭირდა, მასპინძლებმა მოინდომეს, მაგრამ კლასით უფრო მაღალ საქართველოს მაინც ვერაფერი მოუხერხეს - 11:6 და საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ მატჩებში ჩეხეთისა და ესპანეთის ძლევით, მეორედ მოიგო ერთა თასი.
2009 წელს პორტუგალიას მეორედ ვეთამაშეთ ფრედ, ამჯერად თბილისში. მაყურებელი მეტის მოლოდინში იყო, მაგრამ საქმე ისე არ აეწყო, როგორც გვსურდა. გაშლილი თამაში რომ არ შედგა, მატჩი იწურებოდა და სტუმარი გუნდი 7 ქულას იგებდა, მორკინალებმა მარჯვენა ალამთან იმძლავრეს, მერაბ კვირიკაშვილმა კიდიდან, რთული გარდასახვა შეასრულა და მარცხისგან გვიხსნა - 20:20. ერთი წლის თავზე პორტუგალიამ ლისაბონში კვლავ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ გადამწყვეტი მაინც ქართველთა უფრო მაღალი სათამაშო კლასი აღმოჩნდა - 16:10. მომავალ წელს, 26 თებერვალს, პორტუგალია ლისაბონში „სტადიო უნივერსიტარიო“-ზე გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს იყო. „ბორჯღალოსნები“’ მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ მეტოქეს 1 ლელო, 1 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაუტანეს, მაგრამ ბოლოს შეცდომა დაუშვეს და უკანასკნელ წუთზე მასპინძლებმა კარის წინ დაახლოებით 30-32 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს. ამ დროს ანგარიში 13:12 იყო და ქართველებს პორტუგალიასთან დაუმარცხებელი სერიის გაგრძელების იმედი აღარ ჰქონდათ, მაგრამ დამრტყმელმა ბურთი ვერ აწია და ის მიწაზე გაგორდა.
2012 წლიდან ნაკრებში მილტონ ჰეიგის ერა დაიწყო და მისმა ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ, „ავჭალაზე“ მეტოქეს დამაჯერებლად, 32:7 სძლია. მომდევნო წელს თამაშს უკვე „მიხეილ მესხმა“ უმასპინძლა, მეტოქემ მედგარი წინააღმდეგობა გაწია და მხოლოდ დასკვნით 20 წუთში გატყდა. მატჩის დებიუტში ქართველთა კარგი იერიში ლაშა ხმალაძის ლამაზი ლელოთი დაგვირგვინდა, მაგრამ თამაშის სცენარის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. გადამწყვეტი მოედანზე თედო ზიბზიბაძის გამოჩენა აღმოჩნდა, რომლის დუბლმაც საბოლოო შედეგი, 25:12 დააფიქსირა.
2014 წლის 8 თებერვალს ქართველებმა ლისაბონში ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მეტოქე 34:9 დაამარცხეს. „ბორჯღალოსნებმა“ მოწინააღმდეგეს კვლავ 3 უპასუხო ლელო გაუტანეს, მაგრამ შარშან გამარჯვება გაჭირდა. „მიხეილ მესხზე“ შეკრებილი მაყურებელი იოლი გამარჯვების მოლოდინში იყო, თუმცა მეტოქე კარგად მომზადებული გვეწვია, რეფერიმაც უცნაურად იმსაჯა და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მეორე ტაიმში მოხერხდა - 20:15. და მაინც, ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2015 წლის ერთა თასი დამაჯერებლად მოიგო და ზედიზედ მეხუთედ, სულ კი, მერვედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.
პორტუგალიას თაობათა ცვლის პროცესი დაეტყო და გასულ ერთა თასზე გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, გერმანიასთან 11:3 და დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად წელს დიდი ბრძოლა მოუწევს. გასულ შაბათს „ლობუში“ რუმინეთს ბუქარესტში ეწვია, პირველ ტაიმში ორი ლელო გაუტანა და 14:10 დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში გატყდა და პირწმინდად დამარცხდა - 14:39. შეგახსენებთ, საქართველო „ავჭალაში“ გერმანიასთან ლელო-გარდასახვით ჩამორჩა, მაგრამ მერე ერთბაშად 9 ლელო გაიტანა და 59:7 იმარჯვა. ამ მატჩისგან განსხვავებით, ნაკრებს დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაემატებიან. ტრავმები მოიშუშეს და სათამაშოდ მზად არიან მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე და მერაბ კვირიკაშვილი.
ელენე ლომსაძე