ფეხბურთი

16:05 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯანი ინფანტინოს დაუჭერს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც სფფ-ს პრესსამსახური იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატს სპეციალური წერილი გაუგზავნა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სურს თქვენს მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა თბილი მიღებისთვის ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 26 თებერვალს, ფიფა-ს საგანგებო კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ფიფა ის ორგანიზაცია გახდება, რომელიც წევრ ფედერაციებს პატივს სცემს, მხარს დაუჭერს და მიზანმიმართულად იმუშავებს ჩვენი სპორტის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით მოემსახურებით სპორტს, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს."

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 26 თებერვალს ციურიხში გაიმართება. ჯანი ინფანტინოს გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან იბრაჰიმ ალ-ჰალიფა, იორდანიის პრინცი ალი ალ ჰუსეინი, სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი ტოკიო სექსველი და ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ შამპანი.

როგორც ცნობილია, ინფანტინოს კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 22 იანვარს ნიონში გამართულ სხდომაზე. ამის შემდეგ იგივე პოზიცია გამოხატა ევროპული საფეხბურთო ასოციაციების უმრავლესობამ და მათ შეუერთდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.

შვეიცარიაში დაბადებული და იტალიური ფესვების მქონე ჯანი ინფანტინო პროფესიით იურისტია. 2004 წლიდან უეფას იურისპრუდენციისა და ლიცენზირების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 2007-2009 წლებში ამავე ორგანიზაციაში გენერალური მდივნის თანაშემწედ მუშაობდა, 2009 წლიდან კი უეფას გენერალური მდივანია.

0.144965