ფეხბურთი

15:01 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” ყაზახურ „კაისარს“ მოუგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ ყაზახეთის პირველლიგელი კიზილორდა „კაისარი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ზუგდიდელთა პრეს-სამსახურის ცნობით, მეტოქის კარში ერთადერთი გოლი, 63-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ნიკა ქირიამ გაიტანა. მანამდე, კი პირველ ტაიმში ზუგდიდელებს დაწინაურების არაერთი შანსი ჰქონდათ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზვიად სიხარულია, ვაკო ტყემალაძე, ცოტნე სამუშია და სოსო მალანია.

პირველ ნახევარში რეალური საგოლე მომენტი, უკრაინელ ლეგიონერს სერგეი ჩებატარიოვსაც მიეცა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მცირე ხანში მოწინააღმდეგის მეკარემ, ცოტნე სამუშიასა და სოსო მალანიას დარტყმული ბურთები გაანეიტრალა. მალევე, ყაზახებმა, გიორგი ქანთარიას წინააღმდეგ იუხეშეს და იგი შესაცვლელი შეიქმნა.

მეორე ნახევარში, უკრაინელმა სპეციალისტმა იური ბაკალოვმა ცვლილებებს მიმართა. შეხვედრაში კარგად ჩაერთვნენ ლევან წურწუმია, ნიკა ლაშხია, გურამ სამუშია და ნიკა ქირია. გოლი სწორედ სამუშია-ქირიას აქტიურობას მოჰყვა. სახიფათო სტანდარტული სამუშიამ შეასრულა, გადმოვარდნილი ბურთი ნიკა ქირიამ მიიღო და ერთი შეხებით, ანგარიშიც გახსნა.

შეხვედრის დასრულებამდე ყაზახური გუნდის მეკარემ ნიკა ლაშხიას ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია და მანვე ქირიას ჩინებული პასის შემდეგ პირისპირ დარჩენილ პაატა ჭანტურიასაც აჯობა.

საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და „ზუგდიდმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო. მცირე ტრავმების გამო შეხვედრა გიორგი ბულიამ და ირაკლი ქობალიამ გამოტოვეს.

„ზუგდიდი” – “კაისარი“ 1:0

თურქეთი, ანთალია, 8 თებერვალი

გოლი: ნიკა ქირია (63)

ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია (ნარმანია, 22), მაჩაიძე, გაგოშიძე, ჩანადირი, ტყემალაძე, ს.მალანია, ც.სამუშია, სიხარულია, კოვალენკო, ჩებატარიოვი.

შეცვლაზე: ჯომიდავა, თიბილაშვილი, გ.სამუშია, ლაშხია, წურწუმია, ქირია, ჭანტურია.

თეგები‘ზუგდიდი”
0.126452