ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ესპანიოლი” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” დაუხვდა და მოულოდნელად, ხუთი უპასუხო ბურთი გაუშვა.
მასპინძელთა დაცვა მთელი შეხვედრის განმალობაში საშინლად გამოიყურებოდა და უმარტივეს შეცდომებს უშვებდა, რაც ანგარიშზე ნათლად აისახა. კატალონიური კლუბი გასულ ტურში “რეალთან” გასვლაზე განადგურდა და 6 ბურთი გაუშვა, ხოლო უკანასკნელ 5 მატჩში ჯამში 18 გოლი აქვს მიღებული, რაც საშინელი შედეგია და კონსტანტინ გალსამ თუ დაცვის ხაზს არ მიხედა, “ესპანიოლს” ლა ლიგაში დარჩენა ძალიან გაუჭირდება.
სტუმრები მე-8 წუთისთვის ჯონათასისა და ველას გოლებით უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. ორივე შემტევი არლაუსკისთან პირისპირ დარჩნენ და თავზე გადაუგდეს ბურთი. პირველ ტაიმში მეტი ბურთი აღარ გასულა.
მეორე ნახევარიც საწყისი 45 წუთის მსგავსად დაიწყო: 52-ე წუთზე ოიარზაბალიმ შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ხოლო 55-ე წუთზე დიეგო რეიესმა თავური დარტყმით გამანადგურებელი გახადა სხვაობა. “თუთიყუშების” კუბოს ბოლო ლურსმანი ჯონათასმა დააჭედა, რომელმაც 90-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა და დუბლი გაიფორმა – 0:5.
ესპანიოლი – სოსიედადი 0:5 (0:2)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-2-3-1): არლაუსკისი (პაუ 46), ა.გონსალესი, სიანი, ხ.ლოპესი, ფუენტესი (სევილია 54), ხორდანი, დიოპი, ასენსიო, ვ.ალვარესი, ჰ.პერესი (ბურგუი 46), ხ.მორენო.
მწვრთნელი: კონსტანტინ გალსა
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ლიტრი, ზალდუა (დე ლა ბელა 82), რეიესი (პრიეტო 72), ილარამენდი, ოიარზაბალი (ბრუმა 76), პარდო, ველა, ჯონათასი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
გოლები: 0:1;0:5 ჯონათასი (5;90), 0:2 ველა (8), 0:3 ოიარზაბალი (52), 0:4 რეიესი (55)
გაფრთხილებები: დიოპი – ზალდუა, ჯონათასი
მსაჯი: ხაიმე ლატრე