ჭადრაკი

22:07 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჭადრაკი მოსწავლეთა საყვარელ საგნად იქცა”

24 თებერვალს ბრიუსელში (ბელგია) 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის ,,ჭადრაკი სკოლაში’’ მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაგეგმილ ევროპარლამენტის საგანმანათლებო კომისიის სხდომას მისი თავმჯდომარე ქალბატონი სილვია კოსტა წარუძღვება.

პროექტის განხილვას ევროპარლამენტის საგანმანათლებო კომისიის წევრების გარდა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიო ჭადრაკის გამორჩეული ვარსკვლავი იუდიტ პოლგარი და იმ ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, სადაც აღნიშნული პროექტია დანერგილი. სხდომაზე განიხილავენ პროექტის ,,ჭადრაკი სკოლაში’’ მიმდინარე მოვლენებს. იქვე განაწილდება გრანტებიც.

პროექტი ,,ჭადრაკი სკოლაში” საქართველოს ექვსი რეგიონის 309 სკოლაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. რამოდენიმე ათასი მოსწავლისათვის ჭადრაკის გაკვეთილები ერთ-ერთ საყვარელ საგნად იქცა. იმედია, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს, ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია შედგა, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ.

გია გიორგაძე: “როგორც იცით, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს სკოლებში ჭადრაკის განვითარების შესახებ, რომლის ინიციატორიც ევროკავშირია. ვეცდებით, გავაფართოოთ ჭადრაკის სწავლება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ევროპარლამენტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დონით იქნება სახელმწიფო ამ პროექტში ჩართული“.

ზურაბ აზმაიფარაშვილი: “მადლობა მინისტრს აქ მობრძანებისათვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის. ამ პროექტში ევროკავშირმა 9 ქვეყანა წარადგინა. მათ შორის არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები: საქართველო და თურქეთი.

ევროპის გარკვეულ ქვეყნებს, მაგალითად, იტალიას, უკვე აქვს გრანტი სკოლებში ჭადრაკის განვითარებისათვის. 24 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე ჩვენ ორგანიზაციას გამოსვლისთვის ორსაათნახევარი ეთმობა. იქ გამოჩნდება ჩვენი მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთი გრანტის მიღებაც კი კარგი იქნება, რაც ძალზე წაადგება ქართული ჭადრაკის განვითარებას“.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მადლობა ევროკაშირსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას ამ პროექტის წამოწყებისათვის. აღნიშნული პროექტის განხორციელება თავიდან 100 სკოლაში იყო დაგეგმილი, მაგრამ ახლა 109-მდე ავედით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოლო ნიშნული არ არის. კარგი იქნება, ანალოგიური პროექტი სპორტის სხვა სახეობებშიც განვახორციელოთ. იმედია, ბრიუსელიდან საქართველოს დელეგაცია გამარჯვებული დაბრუნდება“.

0.117312