ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ტარაგონას “ხიმნასტიკის” ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა გიორგი აბურჯანია, რომელმაც ჩინებული თამაში ჩაატარა და “ჯირონასთან” მატჩის 29-ე წუთზე ნარანხოს დიდებული საგოლე გადაცემა გაუკეთა (VIDEO). გიორგიმ ბურთი თავისი გუნდის ნახევარზე მოიხელთა და სოლო რეიდით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მანაც გარჯა დაუფასა. რაც შეეხება თავად მატჩს, იგი ფრედ, - 1:1 დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ “ნასტიკი” მე-20 წუთიდან მოყოლებული რიცხობრივ უპირატესობაში თამაშობდა. ტარაგონელებს სეგუნდაში 24 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-7 ადგილი უკავიათ. ისე კი, შეგახსენებთ, აბურჯანიას დებიუტი ერთი კვირის წინ შედგა, მაშინ ჩვენებურმა შეცვლაზე ითამაშა.
პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფმა მათე ვაწაძის დანიურმა “ორჰუსმა” მოსკოვის “ლოკომოტივს” მოუგო – 2:1. რუსების კარში გამარჯვების გოლი (VIDEO) ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარის აღება თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოახერხა. მათე, რომელმაც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მთავარი სიტყვის თქმა მაინც მოასწრო.
იტალიის სერია A-ს XIV ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” გასვლაზე ბერგამოს “ატალანტას” დაუზავდა – 0:0. ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მესამე მატჩში ითამაშა, მაგრამ მხოლოდ ხუთი წუთი. ლევანმა 85-ე წუთზე რიკარდო საპონარა შეცვალა. “ემპოლის” 34 ქულა აქვს და მერვეა.
თურქეთის სუპერლიგაში 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა თორნიკე ოქრიაშვილმა. მისმა “ეშკიშერისფორმა” სტუმრად “რიზესფორთან” ქულა მოიპოვა – 1:1. ოქრიაშვილის გუნდს 20 თამაშში 14 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 28-ე ტურში გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” გასვლით მატჩში კოვილას “სპორტინგს” 2:0 მოუგო. სტუმართა შორის ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა ქართველი მეკარე. გიორგის “ფეირენსე” სეგუნდა ლიგაში 49 ქულით მესამე ადგილზეა და საგრეს ლიგაში აღზევების რეალური შანსი გააჩნია.
იქვე, ავთო ებრალიძის “ჯილ ვისენტე” ასევე სტუმრად “ფამალისაოს” დაუზავდა (2:2). ქართველი ნახევარმცველი კვლავას სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 61 წუთი გაატარა. “ჟილ ვისენტეს” კი, 45 ქულა გააჩნია და მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ გადასვლის შანსი მასაც არ დაუკარგავს.
კვიპროსის I დივიზიონში მოიგო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “აპოელმა”, რომელმაც საგარეო შეხვედრაში “ახნასს” 3:1 აჯობა. მასპინძელთა შორის 67-ე წუთიდან ითამაშა ელგუჯა გრიგალაშვილმა. “აპოელი” 50 ქულით ლიდერია, ხოლო “ახნასი” 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.