კალათბურთი

1:17 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია განაცხადს დაუბრუნდა, “ლაბორალ კუჩამ” “ვალენსიას” პირველი მარცხი აგემა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში “ვალენსიას” ძლევა მოახერხა, თუმცა კი, ამ წარმატებულ მატჩში ქართველ კალათბურთელს მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმის გამო “ბარსელონასთან” ევროლიგის შეხვედრა გამოტოვა და ახლა, ესპანური ლიგის ცენტრალური მატჩიც გაუცდა. წინა თამაშისგან განსხვავებით, თოკო ამჯერად გუნდის განაცხადში მაინც გამოჩნდა, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

საინტერესოა, რომ “ლაბორალ კუჩას” მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა შენგელიას გარდა, დარკო პლანინიჩი და მამადუ დიოპიც არ ათამაშა, ალბერტო კორბაჩო კი მხოლოდ სამიოდ წუთით დაიტვირთა.

შედეგად, ისე გამოვიდა, რომ მასპინძელთაა მხრიდან მთელმა სიმძიმემ მხოლოდ 8 კალათბურთელზე გადაიარა, თუმცა, ამას ბასკური კლუბისთვის მოგებაში ხელი არ შეუშლია.

“ლაბორალ კუჩას” რიგებში ტრადიციულად საუკეთესო ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი (მას მატჩამდე იანვრის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა) იყო ორმაგი დუბლით (13 ქულა, 11 მოხსნა).

გამოსარჩევია ამერიკელი დარიუს ადამსის 21 ქულაც. ამ ფონზე ვალენსიელთა ლიდერ ჯასტინ ჰამილტონის 27 ქულა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

შენგელიას კლუბი 15 მოგებით და 4 მარცხით, მადრიდის “რეალთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ლიდერი ისევ “ვალენსიაა” 18 გამარჯვებით, მე-2 პოზიციაზე კი “ბარსელონაა” 17 მოგებით. “ლაბორალ კუჩა” მომდევნო მატჩს 13 თებერვალს, სტუმრად, “რიო ნატურა მონბუსთან” ჩაატარებს.

0.128767