კალათბურთი

23:53 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითამ” ნოვგოროდელები უსაჩუქროდ დატოვა

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-19 მატჩი წააგო და ეს, გასაკვირი ცნობა ნამდვილად არ უნდა იყოს. ქართული კლუბი ამჯერად “ნიჟნი ნოვგოროდს” სტუმრობდა და 65:97 (23:28, 22:25, 4:17, 16:27) განადგურდა.

“ვითა” რუსეთში 8 კალათბურთელის ამარა ჩავიდა და თუკი პირველ ტაიმში მეტოქეს შედარებით ყოჩაღად დაუდგა (მხოლოდ 8 ქულით წააგო), მეორეში ძალიან გაუჭირდა. სტუმრებმა მე-3 მეოთხედში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდეს და საბოლოოდ, მორიგ რბევას ვერ გადაურჩნენ.

ნოვგოროდელებს გული ერთი რამეზე თუ დაწყდებოდათ. იმ შემთხვევაში, თუკი მათი საყვარელი გუნდი ას ქულას ჩააგდებდა, ქომაგებს სპეციალური საჩუქრები ელოდათ, თუმცა, “ვითამ” მათ ეს ბედნიერება არ მიანიჭა.

საინტერესოა, რომ ამ მატჩში ლატვიელი სპეციალისტების დუელი შედგა. შეგახსენებთ, რომ “ნიჟნი ნოვგოროდს” “სოხუმის” ყოფილი დამრიგებელი აინარს ბაგატსკისი წვრთნის, ვითელებს კი ნიკოლაის მაზურსი ავარჯიშებს.

ბაგატსკისმა თბილისელთა წინააღმდეგ სათამაშოდ მხოლოდ რუსი კალათბურთელები გაიყვანა, თუმცა, წარმატებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. მასპინძელთაგან განსაკუთრებით ვლადიმირ ივლევი გამოირჩა, რომელმაც 25:04 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა, 10 მოხსნა.

თბილისურ კლუბში შეუცვლელად ითამაშეს ირაკლი ჩლაიძემ და ანდრე ჯონსმა. ქართველმა უკანახაზელმა 11-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და ექვს ქულას დასჯერდა, ამერიკელისადმი კი სასაყვედურო არაფერია: მან 21 ქულას 6 პასი წაამატა. “ვითას” კიდევ ერთმა ლეგიონერმა ომარ ტომასმა 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

ქართული კლუბი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და წინვლის შანსიც არ უჩანს, მომდევნო მატჩს კი 14 თებერვალს, შინ, ტალინის “კალევის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.107653