ამხანაგური შეხვედრა ბოლნისის „სიონსა“ და დანიურ „ჰობროს“ შორის, დანიელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ამ ინფორმაციას ქართული კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
თამაშს თავისი დაღი დაასვა ცუდმა ამინდმა და ძლიერმა ქარმა, რის გამოც, შეხვედრა ძალიან მძიმედ საყურებელი გამოდგა და ტექნიკური წუნიც ძალიან ბევრი იყო.
მატჩის დასწყისშივე ბოლნისელთა მცველები შეცდნენ, „ჰობროს“ ტანმაღალ თავდამსხმელ ჯორჯს, ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა მას სვანიძემ და მეკარე ნანიევმა ხელი შეუშალეს.
რამდენიმე წუთში „სიონსაც“ მიეცა შანსი. გოგინაშვილმა ფლანგზე ბურთი კარგად წაიღო და საჯარიმოში გადაცემას აპირებდა, თუმცა ისევ ქარის გამო, ბურთი მხოლოდ მეკარემდე მივიდა.
მთლიანობაში, თამაში ძალიან ხისტი გამოდგა, რის გამოც ხშირი იყო ჯარიმები. ნანიევმა სტანდარტულ სიტუაციებში რამდენჯერმე იყოჩაღა.
რაც შეეხება პირველ გოლს, ის 59-ე წუთზე გავიდა. „ჰობროს“ ფრანგმა ლეგიონერმა, დომორომ ბურთი ბადეში საკმაოდ საკამათო სიტუაციაში მოათავსა. ფეხბურთელი აშკარა თამაშგარეში იყო, რასაც გვერდით არბიტრს ბოლნისელები ანიშნებდნენ კიდეც, თუმცა, გოლი მაინც ჩაითვალა.
მეორე გოლი კი მცველთა შეცდომას მოჰყვა, რომლებიც მოედნის ცენტრისკენ იყვნენ აწეულები. „სიონი“ შეტევებში იყო გართული და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, ამან კი საპირისპირო შედეგი მოიტანა. დანიელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, მცველებმა უკან ჩასვლა ვეღარ მოასწრეს, ნანიევმა კი ერთი ერთზე ვერაფერი გააწყო კირკევოლდთან, რომელმაც საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
რიგით მესამე ამხანაგურ მატჩს, ბოლნისელები, 9 თებერვალს, ოდესის „ჩერნომორეცის“ წინააღმდეგ გამართავენ.