ფეხბურთი

13:40 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაშია იმედგაცრუებულია

ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგ ტურში არნემის “ვიტესის” ძირითად შემადგენლობას გურამ კაშია დაუბრუნდა. რობ მასმა თავისი გუნდის ტაქტიკური სქემა შეცვალა და “ვიტესი” 3 მცველით ათამაშა. კაშიამ კი ადგილი მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიკავა და გვერდი თავის კონკურენტებს ვან დერ ვერფსა და კრუისვიკს გაუმაგრა.

თამაშის შემდეგ 28 წლის ქართველმა მცველმა ჰოლანდიურ მედიასთან ისაუბრა და დასძინა, რომ ეს პოზიცია მისთვის იდეალური არაა, თუმცა გადაწყვეტილებებს მთავარი მწვრთნელი იღებსო...

“მნიშვნელობა არ აქვს ვითამაშებ თუ არა მე, მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს. ამ პოზიციაზე ადრეც მითამაშია და ეროვნულ ნაკრებშიც მიწევს ასპარეზობა, მაგრამ ეს ჩემთვის იდეალური ადგილი არაა. თუმცა ფეხბურთელებმა უნდა მოისმინონ და დაიცვან მწვრთნელის გადაწყვეტილებები. მეც ამას ვაკეთებ”, - თქვა გურამმა.

კაშია “ვიტესის” წინა ორ თამაშში გულშემატკივრების მხარდაჭერასაც გამოეხმაურა:

გულშემატკივრების ეს ჟესტი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი სტიმული გახლდათ. განსაკუთრებული განცდაა, როდესაც ამდენი ხალხი ტაშს გიკრავს და შენს სახელს სკანდირებს. მინდა, ქომაგებს დიდი მადლობა გადავუხადო”, - აღნიშნა “ვიტესის” კაპიტანმა.

იქვე, ქართველი ფეხბურთელი არნემული გუნდის წარუმატებელ თამაშზეც აფიქსირებს მოსაზრებას. მოგეხსენებათ, “ვიტესს” ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

იმედგაცრუებული ვარ, თუმცა უნდა ვეცადოთ მდგომარეობა გამოვასწოროთ და შემდეგი მატჩები მოვიგოთ”, - ამბობს კაშია.

გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში 22 ნოემბრის შემდეგ დაუბრუნდა. მთლიანობაში კი წელს ქართველ ფეხბურთელს 15 შეხვედრა ჩაუტარებია და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა და ამასთან, ორჯერ საგოლე პასიც გააკეთა.

0.117166