რუმინეთის ნაკრებმა პორტუგალიასთან პირველი ტაიმი 10:14 დათმო, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრები უშანსოდ დატოვა, მათი ჩათვლის მოედანში 4 ლელო დაამიწა და 39:14 მოგებით, პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, კარპატელებმა საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს კლუჟში უმასპინძლეს. მასპინძლები პირველივე წუთებიდან შეეცადნენ მეტოქისთვის თავს თავისი თამაში მოეხვიათ, მაგრამ პორტუგალიელებმა თავი ეფექტურად დაიცვეს და პირველი სალელოვე შანსიც მათ შექმნეს, თუმცა მანუელ კოსტამ ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მე-16 წუთზე რუმინელთა უკანა ხაზმა კარგად გაითამაშა ბურთი და პაულა კინიკინილაუმ ლელოში სტივენ შენანი დაგეზა. ამ ზელანდიელ მორაგბეს რუმინეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და ის ლელოთი აღნიშნა, ხოლო ფლორინ ვლაიკუმ რთული პოზიციიდან გარდასახა.
გაშვებულმა ლელომ „მგლები“ ვერ გატეხა და ექვსი წუთის ინტერვალში მათ ორი ლელო გაიტანეს. პირველ ჯერზე დუარტე დინიცმა სტუმართა კოლექტიური გარჯის რეალიზება მოახდინა, ხოლო 27-ე წუთზე დიოგო ვან დენ თორნმა ვლაიკუს გადაცემა ჩაჭრა. ნუნო გუედესმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და პორტუგალია 14:7 დაწინაურდა. შესვენებამდე ვლაიკუმ შორეული ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა და ტაიმი 10:14 დასრულდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ტაქტიკა შეცვალეს და მთელი 40 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ვლად ნისტორმა ლელო მატჩის განახლებიდან 3 წუთში გაიტანა და თავისიანები დააწინაურა, ხოლო ვლაიკუმ ზუსტ გარდასახვას მალევე ჯარიმა დაურთო. მეორე ტაიმის შუაში რუმინელთა უკანა ხაზმა კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გაითამაშა და შენანმა დუბლი შეასრულა, ხოლო საათის თავზე დუბლი ნისტორმაც ჩაიწერა და საკუთარ გუნდს პრემიალური ქულაც დაუბევა. სტუმართა რბევა 66-ე წუთზე ანდრეი რადოიმ მეხუთე ლელოთი დაასრულა, ვლაიკუმ კი, გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
პორტუგალიასთან მატჩში, შენანის გარდა რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ სილვიუ ვასილიუს, ალექსანდრ პალის და ოვიდიუ მელნიციუს. რუმინელები 13 თებერვალს მადრიდში ესპანეთს ეწვევიან, ხოლო პორტუგალიელები ლისაბონში „ბორჯღალოსნებს“ დაუხვდებიან.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I რაუნდი
საქართველო - გერმანია 59:7
რუსეთი - ესპანეთი 22:20
რუმინეთი - პორტუგალია 39:14
ქვეყანა თ მ ფ წ +/- ქ ბ
საქართველო 1 1 0 0 59-7 5 1
რუმინეთი 1 1 0 0 39-14 5 1
რუსეთი 1 1 0 0 22-20 4 0
ესპანეთი 1 0 0 1 20-22 1 1
პორტუგალია 1 0 0 1 14-39 0 0
გერმანია 1 0 0 1 7-59 0 0
ორი წრის შედეგად
ქვეყანა თ მ ფ წ +/- ქ ბ
1. | საქართველო | 6 | 6 | 0 | 0 | 217:49 | 26 | 2 |
2. | რუმინეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 141:75 | 20 | 4 |
3. | რუსეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 125:139 | 17 | 1 |
4. | ესპანეთი | 6 | 3 | 0 | 3 | 151:121 | 15 | 3 |
5. | პორტუგალია | 6 | 1 | 0 | 5 | 66:139 | 5 | 1 |
6. | გერმანია | 6 | 0 | 0 | 6 | 68:245 | 1 | 1 |
13 თებერვალი
პორტუგალია - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
რუსეთი - გერმანია