არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის ჩემპიონატში გასვლაზე 0:1 წააგო “ალკმაართან” და მეშვიდე ადგილზეა. საინტერესოა, რომ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გურამ კაშია, რომელსაც მწვრთნელი რომ მაასი არაფრით სწყალობდა. “ვიტესმა” 3-5-2 სქემით ითამაშა და გურამი მარჯვენა ცენტრალური მცველი გახლდათ. კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ვაკო ისეთი აქტიური ვერ იყო, როგორც სჩვევია.
ჯაბა კანკავას “რეიმსმა” საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ მოიგო, ამჯერად “კაენს” სტუმრად 2:0 სძლია და ბოლოდან მეხუთე ადგილზეა. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო.
გიორგი პაპუნაშვილმა მესამე ბუნდესლიგაში, “ვერდერის” 23-წლამდელებში ითამაშა და საკმაოდ კარგადაც: ბრემენელებმა 1:0 სძლიეს “ვეენს” და ეს ერთადერთი გოლი პაპუნაშვილის აქტიურობას მოჰყვა – პოლონელ კაზიორს გაატანინა. პაპუნაშვილმა 77-ე წუთამდე ითამაშა.
საბერძნეთში გიორგი მერებაშვილის “ლევადიაკოსმა” 1:1 ითამაშა “პანთრათიკოსთან” და ქართველიც შეუცვლელად გაისარჯა. მომენტების მიხედვით, მერებაშვილი მწვავედ თამაშობდა და გოლშიც დაიდო წვლილი.