საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2016 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა მორაგბეებმა წლის პირველ შეხვედრაში ავჭალის სტადიონზე გერმანიის ნაკრებს 9 ლელო დაუდეს და დიდი ანგარიშით იმარჯვეს.
შეხვედრის საწყის წუთებზე სტუმრებმა ქართველთა შეცდომით ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, თუმცა “ბორჯღალოსნებმა” მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს - მორკინალების მიერ მოპოვებულმა უპირატესობამ ქულებშიც ჰპოვა ასახვა და შესვენებამდე ბექა გორგაძე, მიხეილ ნარიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და ანტონ ფეიქრიშვილმა ოთხი ლელო გაიტანეს, რასაც ლაშა მალაღურაძემ სამი გარდასახვა დაურთო - 26:7.
მეორე ტაიმის დებიუტში კვლავ გაჭირდა თამაშის დალაგება, მაგრამ ამჯერად ყველაფერი 10-15 წუთში გამოსწორდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დასკვნით 20-25 წუთში ანგარიშიც შესაბამისად გაიზარდა. ამჯერად ლელოები გიორგი თხილაიშვილმა, ლაშა ლომიძემ (2), ლაშა ხმალაძემ და შალვა სუთიაშვილმა გაიტანეს, მალაღურაძემ 4 გარდასახვა შეასრულა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოგებით და პრემიალური ქულით დაიწყო - 59:7.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. პირველი რაუნდი
6 თებერვალი. თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
საქართველო - გერმანია 59:7
საქართველო: 15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 23 კეპი, 93 ქულა - 4 ლელო, 11 გარდასახვა, 15 ჯარიმა, 2 არეკნი), 14. გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი, 5), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 87, 85 - 17 ლ.), 12. ლაშა მალაღურაძე (უგუნდო, 62, 162 - 4 ლ., 29 გ., 25 ჯ., 3 ა.), 11. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 50, 25 - 5 ლ.), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 39, 25 - 5 ლ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 10); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 32, 5 - 1 ლ.), 2. შალვა მამუკაშვილი (გლაზგო უორიორსი, შოტლანდია, 35, 15 - 3 ლ.), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (ბეიონი, საფრანგეთი, 16, 5 - 1 ლ.), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 86, 50 - 10 ლ.), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 54, 45 - 9 ლ.), 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ., ანგულემი, საფრანგეთი, 52, 5 - 1 ლ.), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 24, 15 - 3 ლ.), 8. ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი, 2).
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 19, 35 - 7 ლ.), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 16, 5 - 1 ლ.), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 0), 19. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 15, 10 - 2 ლ.), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, თბილისი, 3). 21. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 40), 22. რევაზ ჯინჭველაშვილი (აია, ქუთაისი, 1), 23. გიორგი აფციაური (არმია, თბილისი, 14).
მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია