ტურინის “იუვენტუსის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ზაფხულიდან ლონდონის “ჩელსი” ჩაიბაროს. ბრიტანული გამოცემა “სანის” ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი მზადაა, იტალიელ სპეციალისტს სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო კონტრაქტი 4 წლის ვადით გაუფორმოს. თუ ინგლისელ ჟურნალისტებს ვენდობით, ალეგრის “ჩელსიში” დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია. ისე კი, შეგახსენებთ, აქამდე “არისტოკრატთა” თავკაცის პოსტზე მეორე იტალიელის, ანტონიო კონტეს სახელი ფიგურებდა.
რაც შეეხება ალეგრის, იგი “იუვენტუსს” 2014 წლიდან მოყოლებული წვრთნის და გუნდს სკუდეტო, იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. ამავდროულად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა. მასიმილიანოს “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.