ფეხბურთი

19:37 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურულებმა გაგრასთან ლეგიონერები გამოსცადეს

თბილისში შეკრებაზე მყოფმა ლანჩხუთის „გურიამ“ 4 თებერვალს მორიგი ტესტმატჩი „გაგრასთან“ გამართა. თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. როგორც „გურიას“ პრესსამსახური იტყობინება, ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ დემიდოვმა ამ შეხვედრაში მოედანზე საერთო ჯამში 11 უცხოელი გაიყვანა. მათგან ვინ განაგრძობს კარიერას ქართულ კლუბში, თბილისური შეკრების მიწურულს გახდება ცნობილი, თუმცა გურულები კიდევ ორი ლეგიონერის ჩამოყვანას აპირებენ.

„გაგრასთან“ შეხვედრაში ამ ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა:

არტაკ ალეკსანიანი 24 წლის შემტევი ნახევარმცველი, ერთდროულად რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეა. უთამაშია სომხეთის ეროვნულ ნაკრებში, სხვადასხვა დროს იცავდა ‘‘პიუნიკის’‘, ‘‘ურალის’‘, ‘‘ხიმკის’‘, ‘‘ბალტიკას’‘, ‘‘ულისესა’‘ და არმავირის‘‘ტორპედოს’‘ ღირსებას.

ანდრეი პოლტავცევი 24 წლისაა. ტანმაღალი (191 სმ.) უკრაინელი მეკარე „გურიამდე“ თამაშობდა ლუგანსკის ‘‘ზარიაში’‘.

მაურიციო ნუნიესი 22 წლისაა და კოსტა-რიკის ორგზის ჩემპიონია. საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან გუნდში ‘‘ჰერედიანოში“ ასპარეზობდა. მარცხენა მცველია.

ევგენი მოროზენკო 24 წლისაა, უკრაინელი შუახაზელს „გურიამდე“ „სლოვანსა“ და „ალექსანდრიაში“ უთამაშია. არის კიევის „დინამოს“ სკოლის აღზრდილი, უკრაინული ფლაგმანის ყველა ასაკობრივ გუნდში, მათ შორის „დინამო-2“-ში და ასევე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია.

ივან მამახანოვი 19 წლისაა. ტანმაღალი ცენტრალური მცველი (197 სმ.) ერთდროულად რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეა. უთამაშია ‘‘ულისესა’‘ და არმავირის ‘‘ტორპედოში’‘.

ტაიმურაზ ტობოევი 20 წლისაა და რუსეთის მოქალაქეა. უთამაშია ყაზანის ‘‘რუბინსა’‘ და ვლადიკავკაზის ‘‘ალანიაში’‘.

დამირ საძიკოვი 24 წლისაა, რუსი შემტევი ბოლოს „კოლომნას“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი მოსკოვის „სპარტაკის“ მეორე გუნდში, „ტიუმენსა“ და პერმის „ამქარში“ გამოდიოდა.

იგორ პადერინი 25 წლისაა, რუსი ფორვარდი „გურიამდე“ შემდეგი გუნდების ღირსებას იცავდა: არმავირის „ტორპედო“, „ულისე“, კრასნოდარის „ყუბანი“, „ტიუმენი“. პერმის „ამქარი“ და კემეროვოს „კუზბასი“.

დმიტრო ზოზულია 27 წლისაა, ტანმაღალი (189 სმ.) უნივერსალი გასული სეზონიდან ‘‘გურიას" ღირსებას იცავს და მის თამაშს ლანჩხუთელი გულშემატკივარი კარგად იცნობს.

ასევე ითამაშეს ბურკინა-ფასოელმა პატერსონმა და კოდ დივურელმ ჟუნიორმა.

„გურია“, სავარაუდოდ, 10 თებერვლიდან თბილისიდან გურიაში დაბრუნდება და გრიგოლეთში დაბანაკდება. გრიგოლეთის საწვრთნელ კომპლექსში, რომელიც ლანჩხუთის გამგებლისა და ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის პატრონაჟით გარემონტდა, უკვე ავეჯიც შეიტანეს და მზადაა გუნდის მისაღებად.

0.142662