ჭადრაკი

14:26 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკამურამ შარშანდელი წარმატება გაიმეორა

გიბრალტარში გამართული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული ამერიკული ჰიკარუ ნაკამურა (2787) გახდა, რომელმაც პრესტიჟული შეჯიბრი ზედიზედ მეორედ მოიგო.

საინტერესოა, რომ ნაკამურამ ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და ასეთივე შედეგი ჰქონდა ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავესაც (2785), დამატებით პარტიებში კი უფრო ყოჩაღი ამერიკელი დიდოსტატი გამოდგა. საინტერესოა, რომ ჰიკარუს სოლიდური საპრიზო ფონდიდან 20 ათასი გირვანქა ერგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მოჭადრაკეთაგან Tradewise Gibraltar Chess Festival 2016-ზე მხოლოდ ბელა ხოტენაშვილი (2502) თამაშობდა, რომელმაც 250-მდე მონაწილეს შორის 87-ე ადგილი დაიკავა, არადა, განთესვით 63-ე გახლდათ.

დასკვნით ტურში ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ქსანდერ ვემერსთან (2352) წააგო და ასპარეზობა 5.5 ქულით დაასრულა. ქალთა შორის საუკეთესო შედეგი (7.0 ქულა, მე-17 ადგილი) უკრაინელმა ანა მუზიჩუკმა (2537) აჩვენა, რომელმაც 15 ათასი გირვანქა მიიღო.

0.155844