თერჯოლის “საპოვნელამ” პირველი სპარინგ მატჩი სერბეთის მე-12 ადგილოსან „ნოვი პაზართან“ გამართა და ფრედ 0:0 ითამაშა.
მატჩის პირველი წუთები თერჯოლელთა უპირატესობით დაიწყო. ტყეშელაშვილის და შარიქაძის აქტიურობას მეტოქე გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა. სერბები ძირითადად კონტრიერიშებით ცდილობდნენ „საპოვნელას“ საჯარიმოში გადასვლას.
მე-15 წუთზე შარიქაძემ შეტევაში ჩართულ ოდიკაძეს მიაწოდა ბურთი, რომელიც მეტოქე გუნდის საჯარიმოში აწვდიდა, თუმცა, ბოლო მომენტში კოშკაძე ვერ შესწვდა ბურთს.
პირველი ტაიმის მიწურულს სერბები გააქტიურდნენ. ისინი სახიფათოდ უტევდნენ და ანგარიშის გახსნის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ სომხიშვილი კარს საიმედოდ იცავდა.
ტაიმის მიწურულს “საპოვნელას” ფეხბურთელებსაც მიეცათ დაწინაურების შანსი. სამწუხაროდ, დარტყმის დროს სიზუსტემ ჯერ მიქაბერიძეს უმტყუნა შემდეგ კი – ტყეშელაშვილს.
მეორე ტაიმში თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. რეალური საგოლე მომენტი კი ისევ ქართული კლუბის კართან შეიქმნა და ისევ სომხიშვილმა იმარჯვა. საბოლოოდ, შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა და ფრედ 0:0 დასრულდა.
ზვიად ჯელაძემ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა.
საპოვნელა: სომხიშვილი, ჭელიძე, ნარიმანიძე, აფხაზავა, ოდიკაძე, ჩიკვილაძე, შარიქაძე (ბერუაშვილი), ბოლქვაძე (ბიბილეიშვილი), კოშკაძე (მაკარიძე), მიქაბერიძე (ქათამაძე), ტყეშელაშვილი (დვალი).