რაგბი

18:46 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება გერმანიით იწყება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც ახალი, 4-წლიანი ციკლის პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

ღია ვარჯიშის გამართვამდე ჟურნალისტებთან საკუთარ მოლოდინზე ისაუბრეს ნაკრების გამოცდილმა წევრებმა და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ სეზონის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი და საშუარი საქმეა.

დავით კაჭარავა: იწყება 2016 წლის ერთა თასი და ჩვენთვის მომავალ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მსოფლიო თასის შემდეგ პირველ თამაშს ვატარებთ და უნდა შევინარჩუნოთ ის დონე, რომელზეც 2015 წელს ავედით. ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა მორაგბეები მრავლად არიან და მონდომების ნაკლებობას არ ვუჩივით. იმედია, შედეგი შესაბამისი იქნება. ვეცდებით, მაყურებელს კარგი თამაში ვაჩვენოთ.

- ტონგა, არგენტინა, ახალი ზელანდია, მსოფლიო თასი და უცებ გერმანია. ხომ არ ჭირს შესაბამისი განწყობის შექმნა?

- რა თქმა უნდა ეს გარკვეულ შეფერხებებს გვიქმნის, მაგრამ იმისთვის ვართ პროფესიონალები, რომ ყველა თამაშზე მოვახერხოთ შესაბამისი განწყობის შექმნა და ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, გავიდეთ მოედანზე და მაქსიმუმი გავიღოთ.

შალვა სუთიაშვილი: გერმანულ რაგბის არ ვიცნობ და მათი მოთამაშეების სიძლიერეზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა მეტოქის შესახებ გვაქვს, რადგან მათ შარშან ვეთამაშეთ გერმანიაში. დინამიური გუნდია, თუმცა, ჩვენ სხვა პრეტენზიები გვაქვს, სხვა დონეზე ავედით და მათ ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ. გუნდში უკვე ვისაუბრეთ შემდეგი მსოფლიო თასის მიზნებზე და ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ვნახოთ როგორ შევძლებთ ამ სისტემაში ჩაჯდომას და მიზნების განხორციელებას. კარგი ისაა, რომ მომავალ მსოფლიო თასამდე დიდი დროა და გვექნება იმის საშუალება, რომ ძირფესვიანად აღმოვფხვრათ პრობლემები და გავაძლიეროთ ჩვენი ძლიერი მხარეები.

შალვა მამუკაშვილი: 2016 წლის პირველი მატჩისთვის სრული პასუხისმგებლობით ვემზადებით. მნიშვნელოვანია, რომ წელიწადი წარმატებით დავიწყოთ. თამაში “ავჭალის” სტადიონზეა და ველოდებით სავსე ტრიბუნებს. გერმანიის ნაკრები შარშან დიდი ანგარიშით დავამარცხეთ ჰაიდელბერგში, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ პირველ თამაშს ვატარებთ და იოლ ბრძოლას ნამდვილად არ ველოდებით.

- “გლაზგოს” მოთამაშის რანგში პირველად ხართ ნაკრების შემადგენლობაში და რით განსხვავდება ის “სეილისგან”?

- “გლაზგო” ლიგის შარშანდელი ჩემპიონია. მართალია წელს საქმეები კარგად არ წაგვივიდა, მაგრამ ნახევარი სეზონია გასული და ვფიქრობ, პლეი ოფში მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. მიზანი წელსაც ჩემპიონობაა. რაც შეეხება “სეილთან” შედარებას, განსხვავება დიდი არაა, თუმცა, მაინც ვთვლი, რომ “გლაზგო” უკეთესი გუნდია. შოტლანდიელები უფრო განსხვავებული სტილის რაგბის თამაშობენ.

- რა სხვაობაა პრემიერშიპსა და პრო 12-ს შორის?

- აქ ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს და უმთავრესი სხვაობა აქედან მომდინარებს. პრემიერშიპი მაინც ერთი ქვეყნის, ინგლისის ჩემპიონატია და მეტ-ნაკლებად ყველა ერთი სტილის მიმდევარია. აქ სხვადასხვა ქვეყნის გუნდთან შესაბამისი სტილით გიწევს თამაში. რაღაცით ევროტურნირს წააგავს. ვფიქრობ, გუნდს და ახალ ჩემპიონატს ნორმალურად შევეწყე.

მილტონ ჰეიგის ასისტენტმა, დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობის შერჩევისას წარმოქმნილ პრობლემებზე და დანაკლისზე ისაუბრა: სამწუხაროდ, ვიტო კოლელიშვილს ერთა თასის დასრულებამდე არ მოუწევს თამაში. გარდა ამისა, გვაქვს მცირე ტრავმები. ჯერ კიდევ მსოფლიო თასამდე რამდენიმე კლუბთან იყო შეთანხმება, რომ ამ ეტაპზე მათ მოთამაშეებს ნაკრებში არ გამოვიძახებდით. შემადგენლობის შერჩევა ჩვენთვის ყოველთვის რთულია, რადგან ბიჭებს ყოველ კვირას აქვთ თამაშები, შესაბამისად, არის ტრავმები და რაღაცეების გადაწყობა გვიწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან აქამდე ოთხჯერ უთამაშია და ოთხივე შემთხვევაში გამარჯვება “ბორჯღალოსნებს” დარჩათ. პირველად ჩვენი გზები 1995 წელს, ფირას ტურნირის ეგიდით გადაიკვეთა და თბილისში, “ეროვნულზე”, ყველაზე მცირე სხვაობა დაფიქსირდა - 14:3. რაგბის გულშემატკივარს ეს თამაში დიდი ჩხუბით დაამახსოვრდა, რომელში ჩარევა მაყურებელმაც მოინდომა. 2009 წელს, უკვე ერთა თასის ეგიდით, “ბორჯღალოსნებმა” გერმანელებს ჰაიდელბერგში 38:5 სძლიეს, ხოლო მომდევნო წელს “ეროვნულზე” მეტოქე 77:3 დაამარცხეს. შარშან, ყოფილი ერთა თასის, აწ უკვე რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების პირველ ტურში, ქართველებმა ჰაიდელბერგში მეტოქე 64:8 დაამარცხეს.

0.121834