სხვა

18:12 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის ფედერაცია კონკურსის შედეგებს აჯამებს

5 თებერვალს, ახალ სპორტის სასახლეში სახელბურთო დღეა. 14 და 16 საათზე აქ გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის ორი მატჩი, ხოლო 13 საათზე გაიხსნება გამოფენა. ხელბურთის ფედერაციამ გამოაცხადა კონკურსი ორი საერთაშორისო ტურნირის ლოგოტიპის შესაქმნელად და პარასკევს გამარჯვებულსაც გამოავლენს.

გამოიფინება ყველა კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ლოგო - IHF/EHF ქალთა თასის (8-13 მარტი) და ევროპის 18-წლამდელ ჭაბუკთა ჩემპიონატისა (15-21 აგვისტო). მონაწილეობა სამოცამდე გრაფიკოსმა მიიღო და წარმოადგინა ასზე მეტი ვარიანტი. კონკურსი იანვრის დასაწყისში გამოცხადდა, მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ევროპის ჩემპიონატი, EHF Men`s 18 Championships 2016 , 15-21 აგვისტოს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. თამაშები საქართველო, რუმინეთი, ბელარუსი, ლატვია, მონტენეგრო, ბოსნია, ბელგია, ბრიტანეთი. ტურნირის გამარჯვებული მიიღებს 2018 წელს, ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 16 უძლიერეს გუნდში თამაშის უფლებას.

IHF/EHF ქალთა თასი, ამავე არენაზე, 8-13 მარტს მოეწყობა. აქ ითამაშებს საქართველოს გოგონათა ნაკრები ლატვიის, ბელგიის, ფარერის კუნძულების, კვიპროსის, სომხეთის, ალბანეთის და მალტის ცხრამეტწლამდელთა გუნდებთან ერთად. თბილისში გამოვლინდება ევროპის ზონის ჩემპიონი, რომელიც 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ ტურნირზე.

0.148416