სხვა

18:05 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ და ნინო სალუქვაძეებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს საზეიმოდ დააჯილდოვა ვახტანგ და ნინო სალუქვაძეები: მათ სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ და სპეციალური მედლებითაც დაჯილდოვდნენ. ტყვიის სროლაში ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე და მისი მამა, ამავდროულად მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე სამინისტროში განთავსებულ ქართული სპორტის მუზეუმში დააჯილდოვეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ქალბატონ ნინოსა და ბატონ ვახტანგს ვაჯილდოებთ. ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ჩემპიონობა მამის, ვახტან სალუქვაძის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ნინო რიო დე ჟანეიროში უკვე მერვე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო სპორტის ისტორიაში მხოლოდ 6 ადამიანია, რომლებსაც რვა ოლიმპიადაზე უასპარეზიათ. მინდა, ქალბატონ ნინოს წარმატება ვუსურვო ბრაზილიაში. ასევე, ბატონ ვახტანგ სალუქვაძეს 85 წლის იუბილეს ვულოცავ, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ნინო სალუქვაძე 1988 წელს სეულში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი სპორტული პისტოლეტით სროლაში და იმავე ოლიმპიადაზე პნევმატური პისტოლეტით ვერცხლიც აიღო. მას ყველაზე მეტი მედალი აქვს ქალ მსროლელთა შორის. 1998 და 1999 წლებში ნინო სალუქვაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასალის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით. მან ყველა წარმატებას ვახტანგ სალუქვაძის ხელმძღვანელობით მიაღწია. პირად და გუნდურ პირველობებში შვიდჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონობა, ცხრაჯერ აიღო სუპერთასი და ხუთჯერ ევროპის საუკეთესოც გახდა.

0.126471