ჩოგბურთი

16:42 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოფო შაფათავა: “ქვეყნის სახელით თამაში ყოველთვის ურთულესი მისიაა”

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებს, რომელიც ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ირჯება, B ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლა დიდი ბრიტანეთის გუნდთან მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა (სოფო შაფათავა, ოქსანა კალაშნიკოვა, ეკატერინე გორგოძე, სოფო ქვაცაბაია), რომლის კაპიტანიც მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი გახლავთ, პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკა 3:0 დაამარცხა.

დღეს, აფრიკელებს კიდევ ერთი წარუმატებლობა შეემთხვათ. დიდი ბრიტანეთის ქალთა ნაკრებს აფრიკელებთან პრობლემები ასევე არ შექმნია და მეტოქეს 2:1 სძლია.

ერთეულთა მატჩებში კეტი სვონმა (524-ე რეიტინგში) ილზე ჰატინგს (650-ე) სძლია (6:3, 6:0), ხოლო ჰიზერ უოტსონმა (85-ე) ჩანელ სიმონდსი (317-ე) დაამარცხა. წყვილებში ჟოსელინ რაემ (68-ე წყვილთა რეიტინგში) და ანა სმიტმა (68-ე) მადრი ლე რუ (583-ე) და მიშელ სამონსი (323-ე) დაჯაბნეს – 6:3, 6:2.

ქართულ-ბრიტანული დაპირისპირება ისრაელის ქალაქ ეილატის კორტებზე 5 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი და გამარჯვებული ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მანამდე, კომენტარი ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ გააკეთა: “ძალიან რთული მისიაა, როდესაც ფედერაციის თასზე შენი ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავ. მძიმე ბრძოლა მქონდა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ წლეულს დარბაზს გარეთ პირველი მატჩის ჩატარება მიწევდა. გამარჯვებით გახარებული ვარ, მითუმეტეს, რომ საუკეთესო თამაში ნამდვილად არ მიჩვენებია. ყველაზე მთავარია, რომ საერთო ჯამში სამხრეთ აფრიკელთა დამარცხება მოვახერხეთ”.

0.116867