„დალას მავერიკსის“ ქართველმა ცენტრმა სეზონის 22-ე დუბლი მიითვალა. ზაზა ფაჩულიამ „მაიამის“ წინააღმდეგ დალასში გამართულ შეხვედრაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა დასანანია, რომ „მავერიკსმა“ შეხვედრა 3 ქულით - 90:93 დათმო.
ზაზამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 39 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 5 საჯარიმოდან კი კალათში მხოლოდ 2 მოათავსა. ფაჩულიამ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 10 ქულასთან ერთად მატჩში უმეტესი 15 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცკიმ 35 წუთში 28 ქულა მოაგროვა, ჩანდლერ პერსონსის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ბოლო წამებზე დალასელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ რეიმონდ ფელტონის სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა.
28 მოგებითა და 24 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი „მავერიკსს“ თანაშტატელ მძლავრ გუნდთან, „სან ანტონიოსთან“ ელის, რომელიც დალასში 6 თებერვალს გაიმართება.
www.gbf.ge