თურქულ შეკრებაზე საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” პირველი საკონტროლო მატჩი მარცხით დასრულდა. ქართული კლუბი გერმანულ “აუერბახს” დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.
“ზუგდიდის” პრეს-სამსახურის ცნობით, პირველი ტაიმში ქართულმა გუნდმა რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. გერმანელთა სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ მათ კარის მშრალად შენარჩუნება შესძლეს და მეორე ტაიმში უფრო მობილიზებულად გამოიყურებოდნენ.
პირველი ხიფათი ზუგდიდელებმა 17-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ გიორგი ქანთარიას ახლო მანძილიდან დარტყმულს გერმანელთა მეკარე გაუმკლავდა. მომდევნო იერიშისას ნიკა ლაშხიამ შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ ლევან წურწუმია დატოვა, თუმცა ზუდიდელთა შემტევ ნახევარმცველს, ისევ მეტოქე გუნდის მეკარემ დაასწრო.
27-ე წუთზე წურწუმია-სიხარულია-ჭანტურიას გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან დარტყმაც მოახერხა და კვლავ მეკარემ ივარგა. ზუგდიდელთა მორიგი სამსვლიანი შეტევის შემდეგ, ზვიად სიხარულიამ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გერმანელთა ეს მოენტიც გააუვნებელჰყო. ჯანიანი გერმანელები ხისტი და უხეში თამაშითაც გამოირჩეოდნენ. ამის შედეგად, ზუგდიდელებს პირველივე ტაიმში ცვლილებაც დასჭირდათ.
ზუგდიდელთა დამრიგებელმა იური ბაკალოვმა, პირველ ნახევარში თამაში უფრო მეტად ახალგაზრდებს ანდო, ხოლო მეორე ტაიმში ცვლილებებს ეტაპობრივად მიმართა და მთელი მატჩის განმავლობაში ფეხბურთელებისგან, სწრაფ, შემტევ ფეხბურთს ითხოვდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ზუგდიდელთა რიგებში, პირველად გამოჩნდნენ გოდერძი მაჩაიძე და ირაკლი ქობალია. ამავე მიზეზით შედარებით ნაკლები დრო გაუცდა ვაკო ტყემალაძესაც და უკრაინელმა, მეორე ტაიმში თამაშში ისიც ჩართო.
მეორე ტაიმიც იმავე სცენარით დაიწყო და გრძელდებოდა მანამ, სანამ გერმანელებმა ანგარიში გახსნეს. უკანა ხაზზე დაშვებული შეცდომის შედეგად, 64-ე წუთზე ზუგდიდელებმა საკუთარ კარში გოლი მიიღეს. ამის შემდეგ მეტოქე გუნდმა მეორე მწვავე შეტევა განახორციელა და მეორე გოლისგან “ზუგდიდი” თორნიკე ზარქუამ იხსნა. მან გერმანელთა ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია.
გერმანელებმა მეორე გოლის გატანა ბოლო წამებზე მაინც მოახერხეს, როცა მსაჯმა ზუგდიდელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც მათ უნაკლოდ გამოიყენეს. დღევანდელ შეხვედრაში, გაგა თიბილაშვილს და გიორგი ბულიას მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღიათ.
ანთალია, ქ.სიდე, 3 თებერვალი
„ზუგდიდი” – “აუერბახი“ 0:2
ზუგდიდი: ჯომიდავა, ქანთარია, ნარმანია, ფიფია, ჩანადირი, ქირია, სიხარულია, ლაშხია (ჩებატარიოვი 31 წთ), წურწუმია, ც.სამუშია, ჭანტურია.
მეორე ტაიმი: ზარქუა, კოვალენკო, ქობალია, გ.სამუშია, ტყემალაძე, მაჩაიძე, ს.მალანია, კაკაჩია, მიქაძე.